Tuesday, May 2, 2017

2017 წლის სეზონის გახსნა


          კვირას მოვახერხე მდინარეზე გასვლა. პროგნოზის მიუხედავად და ჩემდა გასაკვირად, ქარი საერთოდ არ იყო, ამიტომ გადავწყვიტე დღე მთლიანად ტენკარასთვის დამეთმო. წყალი მაღალი და მღვრიეა, დინებაც საკმაოდ ძლიერი, ამიტომ ძირითადი ნაკადისაგან მოშორებით ვცადე ბედი. წვრილი თევზი აშკარად არის, მაგრამ არააქტიურია, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ორი თეთრულა დაჯდა, ისიც დიდი წვალებისა და სატყუარების მთელი არსენალის გამოყენების შემდეგ

  
          ძალიან მინდოდა კებარების "ექსპლუატაციაში გაშვება", მაგრამ თევზი საერთოდ არ გაეკარა, მიუხედავად იმისა, რომ ფერის, ფორმისა და ზომის ფართო არჩევანი ვცადე. აშკარად ჩანდა, რომ წყალზე დაცემისთანავე რამდენიმე წვრილი ქაშაპი ერთდროულად იჩენდა სატყუარის მიმართ ინტერესს, მაგრამ აღებაზე უარს ამბობდა. ბოლოს ისევ აპრობირებულმა flashback pheasant tail - მა გაამართლა 12 ნომერ ნემსკავზე. ალბათ კებარის არასწორად ვატარებდი, მოკლედ საექსპერიმენტო ასპარეზი ფართოა.
                   

           ტენკარას ერთ ერთი უმთავრესი პლიუსი პირადად ჩემთვის იმაში მდგომარეობს, რომ კოჭისა და გრძელი შნურის არარსებობის გამო მეთევზეს პოტენციურ ნადავლთან ძალიან ახლო მანძილზე მისვლა უწევს, ამიტომ ხშირად, სილუეტის შემცირების მიზნით, მუხლზე დადგომა ხდება საჭირო, ქვიან ნაპირზე კი ეს, რა თქმა უნდა, მოუხერხებელია. ბევრი ვიფიქრე, მერე სხვადასხვა ვარიანტების მიმოხილვები ვნახე და საბოლოოდ ფასი-ხარისხის ჩემი და არამხოლოდ ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტზე - კომპანია Blackhawk - ის წარმოების ტაქტიკურ სამუხლეებზე შევაჩერე არჩევანი


        ჯერ ჯერობით გამოხმაურებებს ნამდვილად შეესაბამება, არის მსუბუქი, არ ცურავს რეზინის მაღალყელიან  ბოტებზეც კი,  მოსახერხებლად ფიქსირდება მუხლზე, ზედაპირი იმდენად მყარია, რომ ბასრ ქვებზეც კი არ იფხაჭნება, თან ამავდროულად ჩამუხლვისას იდეალურად ეკვრის მუხლს და ყველა მხრიდან იცავს, მოკლედ მომწონს. ერთადერთი მინუსი აქვს ის, რომ დაახლოებით ყოველ საათ-საათნახევარში უნდა მოიხსნათ, ან უბრალოდ ქვევით ჩააცუროთ, თორემ ფეხი იხუთება და თევზაობაც არაკომფორტული ხდება.
         მოკლედ სეზონი გავხსენი...სახლში ჯდომას ნამდვილად ჯობდა..წარმატებულ საზონს გისურვებთ.


No comments: