აღარ ვიცი რა დავწერო. ალბათ ყველანი მართლები ხართ და მარტო მე ვარ მტყუანი იდეალისტი. ვცდილობ არასრულწლოვანთათვის მიუღებელი სიტყვები და გამონათქვამები არ გამოვყენო ამ პატარა ბლოგზე, სადაც უკვე მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობ დღევანდელი საზოგადოებისთვის (მათ შორის თავგადაკლულ "წესიერ" მეთევზეთა თუ გარემოსდამცველთათვის) რატომღაც მიუღებელი ან რატომღაც არააქტუალური ღირებულებების პროპაგანდირებას. ეს "პროპაგანდირება" -ც ალბათ ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია. ნუ გარემოსდამცველების პოზიციის კიდევ მესმის, ეს ხალხი მართლა გრანტებით ცხოვრობს (აქ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ "გრანტიჭამიაობას" თუნდაც მხოლოდ "მწვანე ალტერნატივის" უდიდესი პატივისცემის გამო, რომლებსაც ჩემ მეგობრებად ვთვლი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება). გრანტებით კი იქტიოფაუნის დაცვა არ ფინანსდება, ან უბრალოდ დღემდე არავის დაუწერია ისეთი პროექტი, რომელიც დაფინანსების ღირსი გახდებოდა. ნუ როგორც არის, ფაქტი ფაქტად რჩება.
ცოტა შორიდან მინდა პარალელების გავლება. ვაჟა-ფშაველა სალოცავია ალბათ იმათთვის ვინც საქართელოს ბუნებას ეტრფის. ცრემლისმომგვრელია გამოცდილი თამადის ქართული ბუნებისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოები ქართულ სუფრაზე. ბუნების სადღეგრძელო, ალბათ შეგინიშნავთ, იმ დროს ითქმის ჩვენთან, როდესაც ბახუსი ზეიმობს უკვე და სავადებულო სასმისებიც უკვე ბოლომდე დაცლილია. ენა ერევა უკვე თამადას, აღარ იცის როგორ ჩაეხუტოს, როგორ გამოხატოს ის სიყვარული და "ტკივილი", რომელიც სადღეგრძელოს ფუძეა. განსაკუთრებით ლამაზ წალკოტში განსხვავებულიც კი შეიძლება დააძალოს შეზარხოშებულ სუფრის წევრებს. ის ამ სადღგრძელოს სვავს ახლა, ან გუშინ დალია, მაქსიმუმ გუშინწინ. მერე არაფერი, არეფერი შემდეგ თამადობამდე ან უბრალოდ შემდეგ სუფრამდე. ეს ვართ, ეს ვართ ჩვენ ყველანი, ის ერი, რომელიც ვაჟას "შვლის ნუკრის ნაამბობზე" ცრემლებს აღვარღვარებს და ამავდროულად შესაძლებლობას არ "მაზავს" ამავე შვლის მწვადებით პირი ჩაიტკბარუნოს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვისაც დღესდღისობით არცერთი ანიმალისტი მწერალი ან მხატვარი არ ჰყავს. იქნებ მეშლება რამე? არ დაგბადებიათ მარტივი კითხვა - "რატომ?"
დღესდღეისობით მეც გახლავართ ერთ-ერთი გაერთიანების წევრი (ჯერ-ჯერობით არ დავკონკრეტდები რომელის, თუმცა დრო მანახებს საჭირო გახდება თუ არა ასეთი დაკონკრეტება) ანუ როგორც რუსეთში იტყვიან - на данный момент მიზანი ერთია დიადი, ნათელი. გაერთიანებას რაც შეეხება საკმაო გამოცდილება მაქვს ასეთი გაერთიანებების აქტიური წევრობის. სადაც ლოზუნგად ბრაკონიერობასთან ბრძოლა ქონდათ და თითი არ გაუნძრევია ამ მიმართულებით არავის. გაერთიანების "მამამთავარიც" ყველასგან უჩუმრად დედა რუსეთში გაიძურწა. ალბათ უბრალო დამთხვევაა. ასეა თუ ისე "მამამთავრის" გაძურწვამდე მე წამოვედი. წამოვედი იდეალისტობიდან გამომდინარე, იდეალისტობას ვწერ, თორემ ბრაკონიერობას რომ არა მხოლოდ ლოზუნგებით უნდა ებრძოლო ალბათ სადავო არაა. ისევ "ალბათ"-ს ვიყენებ, იმიტომ რომ უკვე მეც დავიბენი.
წამოვედი იმიტომ, რომ დღემდე ვფიქრობ, თუ კანონით რაიმე აკრძალულია, ესე იგი ასეა საჭირო, რაც არ უნდა აბსურდული იყოს კანონი, აკრძალულია ხომ კალმახის ჭერა, ესე იგი შეეშვი რა ამ კალმახს, თუ არ მოგწონს ეს კანონი ადექი და სასამართლოში გაასაჩივრე, თუ მაგის თავი გაქვს. მაგრამ არა, ბიჭებს არასამართლიანად მიაჩნიათ ეს კანონი და ისევ პატივსაცემ სტუმრებს ცდილობენ ასიამოვნონ საკალმახეებში თევზაობით. არასამართლიან კანონს რა დალევს, მაგრამ რაღა მაინცადამაინც ამ კანონს არ ვემორჩილებით? რახან პატრონი არ ყავს იქტიოფაუნას? რახან გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონებში კი არა საკუთარი შენობიდან 200 მეტრში ვერ ებრძვის "ელექტრიკებს"? იქნებ სცადონ ბიჭებმა არასამართლიანი სისხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის არ დამორჩილება? საინტერესოა რა შედეგს მიიღებენ.
მოკლედ დავიღალე რა, ის დღე არ დადგება ვინმეს სასწავლებელი გავხდე სად სჯობს თევზაობა, ხოდა მივხედავ რა ჩემს თავს და ვიქნები მშვიდი ნერვებით, ვაჟას სადღეგრძელოსაც დავლევ, ქართული ბუნებისაც და "ელექტრიკებსაც" გავუგებ, ბოლოს და ბოლოს არც მათ სიამოვნებთ აქოთებულ მტკვარში ღამით დენით თევზის ჭერა, მაგრამ უჭირთ და ამიტომაც ბრაკონიერობენ. "ბიჭებს" კიდევ არ უჭირთ, უბრალოდ კიდიათ ეს ყველაფერი. ალბათ ეს დაკიდებაც საჭირო რამეა, ნერვებს ზოგავს მომავალი თაობებისთვის, აბა ვინმე ნერვებდამშვიდებულმა და თვალცრემლიანმა ხომ უნდა თქვას ვაჟას დახატული ბუნების სადღეგრძელო.
No comments:
Post a Comment