Wednesday, November 20, 2013

Feathers, Feathers and Feathers

                

            ბლოგის გვერდებზე უკვე გვქონდა საუბარი მამლის გენეტიკური ბუმბულის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასალის პრაქტიკაში დანერგვამდე იმიტაციების დამზადებისათვის ძირითადად სხვადასხვა სანადირო, ეგზოტიკური ან უბრალოდ შინაური ფრინველის ბუმბული გამოიყენებოდა. მათ არც დღეს დაუკარგავთ აქტუალობა. ასორტიმენტი მართლაც რომ შთამბეჭდავია. ალბათ უპრიანი იქნება თუ უფრო დეტალურად გავეცნობით ამ მრავალფეროვნებას. რამდენიმე წლიანი პრაქტიკის შემდეგ სხვადასხვა ტიპის ბუმბულით დამზადებული იმიტაციების გამოყენების საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, ამიტომ გადავწყვიტე პირველ რიგში ვისაუბრო იმ კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც კარგად მუშაობენ ჩვენს პირობებში.
                  მამალი ხოხბის კუდის ბუმბული (Cock pheasant tail) - იაფი, მოსახერხებელი და ძალიან ეფექტური მასალაა, რომელსაც სხვადასხვაგვარი გამოყენება აქვს. 

                  უპირველეს ყოვლისა ეს მასალა გამოიყენება ისეთ ლეგენდარულ ნიმფაში, როგორიც არის ფრენკ სოიერის Pheasant Tail Nymph, რომელიც ბლოგზე უკვე დეტალურად განვიხილეთ. ანუ, როგორც ვხედავთ, ხოხბის ბუმბულის გამოყენება შესაძლებელია იმიტაციის კუდის, ტანის, ტორაქსის და ფეხების დამზადებისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად მუშა სატყუარის შესაქმნელად ნემსკავი, სამონტაჟო ძაფი/სპილენძის წვრილი მავთული და ხოხობი სავსებით საკმარისია. ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას გამოიწერეთ მხოლოდ წყვილი ბუმბული (Pair) და არა მთლიანად კუდი (Whole Tail), რადგან პირველის ხარისხი გაცილებით მაღალია, მაქვს ამის მწარე გამოცდილება. თუკი ხელი მიგიწვდებათ რომელიმე სანადირო მეურნეობამდე ან რომელიმე რესტორანში გყავთ ნაცნობი, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ”ჩვენებური” ხოხობიც, უბრალოდ შეარჩიეთ მაქსიმალურად გრძელი ბუმბულები.
                    ფარშევანგის კუდის ბუმბული (Peacock Tail)- კიდევ ერთი "must have" მასალაა, ასევე ხელმისაწვდომი და იაფი


                     წყალში მოხვედრისას თევზისათვის ძალიან მიმზიდველ, ოდნავ მბრწყინავ ელფერს იღებს.  გამოიყენება ტანის, ტორაქსის დამზადებისათვის, მაგალითისათვის ალბათ იგივე Pheasant Tail Nymph - ის ამერიკული (ფარშევანგის ტორაქსიანი) ვარიანტი და არანაკლებ ლეგენდარული Red Tag - იც საკმარისია. თუკი მეორადი განშტოებების ღეროს წვრილი ბუსუსებისაგან გავწმენდთ, მივიღებთ ე.წ. peacock stripped quill - ს


                 ეს მასალა კარგად მუშაობს იმიტაციების ტანის დამზადებისას. ე.წ. stripped quill body.


                   კიდევ ერთი რჩევა - ეცადეთ შეუკვეთოთ მთლიანი ბუმბული და არა პაკეტში ჩაყრილი, ძირითად ღეროს მოშორებული მეორადი განშტოებები (strung hearl). ხარისხში მოიგებთ.


                 კაკბის ბუმბული (Partridge Feathers) - კლასიკური მასალის ერთ - ერთი საუკეთესო მაგალითი


                  აქვს ძალიან რბილი მეორადი განშტოებები და სეგმენტაციის ეფექტის მქონე შეფერილობა. წყალში მოხვედრისას კარგად ახდენს ცოცხალი მწერის ფეხების იმიტირებას, შესაბამისად, პირველ რიგში გამოიყენება სწორედ ნიმფებისა და კლასიკური სველი იმიტაციების ფეხების, ასევე კუდების დამზადებისას. ამ მასალის ეფექტურობის საუკეთესო მაგალითია Spider - ის ტიპის სატყუარები, რომლებმაც ჩემს არსენალში 2013 წლის ფავორიტების საპატიო ადგილი დაიკავეს, კონკრეტულად კი Partridge&Orange 
                     შეკვეთისას გაითვალისწინეთ, რომ სჯობს კაკბის მთლიანი ტყავის შეკვეთა რადგან ე.წ. bulk feather, ანუ პაკეტში ჩაყრილი ცალკეული ბუმბულები არ იძლევიან ზომის სრულ არჩევანს, რაც იგივე კლასიკური სველი იმიტაციისათვის კრიტიკულია.


                     მომდევნო სტატიაში განვაგრძობთ საუბარს სხვადასხვა ტიპის ბუმბულის გამოყენების თავისებურებებზე.                   

No comments: