არ გაგიკვირდეთ, არის ეგეთი ტყეები - უხეო, ყოფილა თურმე. ნებისმიერი ზომის თუ დონის კლუბი, ფორუმი, ფედერაცია, საკუთარ უპირველეს ვალად თვლის ბრაკონიერობაზე ისაუბროს, დაახლოებით ის ვარიანტია ჩვენი ბიზნესმენები ბიზნესს რომ იწყებენ და პირველ რიგში ბოლო მოდელის ჯიპს გაიგდებენ ხოლმე კარგ ცხოვრებას მონატრებული უკანალის ქვეშ. რატომ არის ეს თემა ასეთი პოპულარული? ღამეები არ ძინავთ თემის ავტორებს ბუნებაზე ნერვიულობაში? როგორც ”სულმნათი” მიშა იტყოდა ხოლმე ”ნურას უკაცრავად”. უბრალოდ უნდა იყოს ასეთი თემა საკუთარი თავის პატივისმცემელ ნებისმიერ მეთევზეთა თუ მონადირეთა გაერთიანების ვებ გვერდზე. იდება გრანდიოზული გეგმები (ოოოო, თქვენ არ იცით როგორ პატივს ვცემ ტიტანური აზრებით შეპყრობილ ადამიანებს) სადღაც გამოქექილ ბრაკონიერობის ფაქტზე კრიტიკის ქარცეცხლში ახვევენ დამნაშავეს, შემდეგ ვალმოხდილები ერთი ორ სურათსაც მიამატებენ, მერე რა რომ აკვარიუმში დაჭერილი თევზის, ან კერძო მეურნეობაში მოპოვებული ნადირის თუ ფრინველის, არა უშავს, მთავარია იდოს და დამდების მიკროსკოპულ ეგოს ასიამოვნოს. ასეა თუ ისე ფორუმული თუ კლუბური ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინება და თითქოსდა არც არაფერი ხდება. მაგრამ თუ თქვენ რომელიმე ასეთი გაერთიანების წევრი ხართ ან უბრალოდ საკმარისად დიდი დროის განმავლობაში თვალყურს ადევნებთ ასეთ ცხოვრებას, ხანდახან საკმაოდ სახამუშო მომენტების მომსწრეებიც გახდებით და რა თქმა უნდა თემა ისევ ბრაკონიერობაა, მაგრამ არა ჩვეულებრივი, მორიგი ბრაკონიერის ”საგმირო საქმეების” განხილვა და copy+paste სტანდარტული გინება-მუქარების კორიანტელი, კიდევ ერთხელ ”ნურას უკაცრავად” ისევე, როგორც არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკა ზუსტად ანალოგიურად აბსოლუტურად ნებისმიერ ქართულენოვან ფორუმზე, ფედერაციასა თუ გაერთიანებაში არსებობს პრივილეგირებული კასტა, არა უბრალო წევრები, არამედ ფარული ელიტარული გაერთიანება, ან თუ გაერთიანება არა უბრალოდ ცალკეული წევრები - ”კანონიერი ბრაკონიერები”, რომელთათვისაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ვგულისხმობ ნაკრძალში ბრაკონიერობას და აკრძალულ სახეობაზე თევზაობას. თან, ძირითადად, ეს ის წევრები არიან, ვისაც ”სიტყვა ეთქმით”. თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ და მეტი არ მინდა ვინმემ რამე საწინააღმდეგო დაწეროს, პირდაპირ დავდებ თითოეული ასეთი გაერთიანების მიერ ჩადენილ ფაქტებს და კონკრეტულ სახელებს. ”შეურაცხყოფილი თოვლის” როლს არ მოვარგებინებ არავის. აი ამ კატეგორიის ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა წერია კანონში და არც იმას ორი წუთის წინ რას წერდნენ კანონის კანონობასა თუ ზოგადად სამართლიანობაზე. მათთვის ყველაფერი ნებადართულია, თან ისე, რომ თავის მართლებასაც კი კადრულობენ. ზოგიერთი მათგანი პასუხისგებაშიც კი არის მიცემული და შემდეგ ”რაღაცნაირად” გამომძვრალი ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან. გარდა ამისა კადრულობენ იმასაც, რომ მათ გამკრიტიკებელს ენა შეუბრუნონ, არის ამისი მაგალითებიც, ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ მათ დამცველებიც კი გამოუჩნდნენ, პარადოქსია ფაქტიურად, ნუ ამ ”დამცველების” არგუმენტებზე ერთადერთი პასუხი დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს ”დამნაშავეა, მაგრამ რას ერჩი? ლამაზი თვალები აქვს და ეპატიება”. ზუსტად ამ ”კანონიერი ბრაკონიერების” დამსახურებაა, რომ იმის მაგივრად რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აკრიტიკონ, მრავალსართულიან მადლობებს უხდიან იმისთვის რომ პატივი დასდეს და შეხვედრაზე მიიწვიეს. მეტიც, საკუთარ სამფლობელოში არც სხვას არ აკრიტიკებინებენ უნიათო გარემოსდაცვით პოლიტიკას. ეს შეხვედრები კიდე ცალკე მარაზმი - ეხვეწები სამინისტროს, რომ შეასრულოს ის, რაც ისედაც პირდაპირ კანონით ავალიათ. თუმცა აქ უკვე ჩაკეტილი წრეა, ამოიღებენ ხმას და დაულაგებენ ”ნავაჟკაცარს”, იყო ამის კონკრეტული მაგალითები. ხოდა მოკლედ ფაქტი არის ის, რომ აი ასეთი ”კანონიერი ბრაკონიერების” ხელშია დღეს საქართველოს იქტიოფაუნის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი. თქვენ გჯერათ, რომ ესენი რამის გამკეთებლები არიან? იქნებ იმიტომაც არ იღებენ ხმას, რომ ათვიცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს? თუ ადამიანობა შეგრჩა ნამდვილად რთულია აკრიტიკო ეკრანით მეთევზე, რომელიც ოჯახისთვის რამდენიმე ხრამულს დაიჭერს, მაშინ როცა შენ თვითონ არ იკლებ ”აკრძალულ ხილს”. ხო რა, მგონი ყველაფერი დავწერე, რისი დაწერაც მინდოდა.
No comments:
Post a Comment