სამწუხაროდ ვერც ამჯერად ვისაუბრებ Fly Fishing - ზე, 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის № 423 დადგენილებით დამტკიცებული ”თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი”, რომელსაც ახლებურად უნდა დაერეგულირებინა სარეწაო და სამოყვარულო თევზჭერა. ჩვენ კონკრეტულად სამოყვარულო თევზჭერაზე ვისაუბრებთ. ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ეს ”კანონი” სამწუხარო რეალობის წინაშე გვაყენებს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ. ისეთი გაჩანაგებული იქტიოფაუნის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ნორმატიული აქტის არსებობა წარმოუდგენელი უნდა იყოს, თუმცა მეთევზეთა საზოგადოების უმეტესი ნაწილის პასიურობამ სავსებით მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. სანამ არსებით განხილვაზე გადავიდოდეთ ერთ მუხლს მოვიყვან იმის საილუისტრაციოდ, თუ რამდენად ჩახედულნი არიან გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სამოყვარულო თევზჭერის სპეციფიკაში.
რეგლამენტის მეორე მუხლის მესამე პუნქტი: ”სამოყვარულო
და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის
ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა
ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება,აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.
რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ სასუნთქი მოწყობილობის
გამოყენება აიკრძალა, მაგრამ ამ განმარტების თანახმად სპინინგი რატომღაც არ არის ჩვეულებრივი
ანკესი, რაზეც მეტყველებს ამავე მუხლის 23 -ე
პუნქტი: ”სპინინგი – გასაშლელი
და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.” ამ განმარტების თანახმად კარპიშერები, ფიდერმენები,
მატჩფიშერები, რომ არაფერი ვთქვათ Fly Fishing - ზე თურმე სპინინგებით
ვსარგებლობთ. საერთოდ გაუგებარია რა საჭიროა სპინინგის ასეთი განმარტება?
ახლა კი ძირითად პრობლემატიკას გადავხედოთ. მიუხედავად
იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა არაერთი შეხვედრა, გაიცა არაერთი
დაპირება, რომ ეკრანები აიკრძალებოდა, გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება
უკვე მიღებულია, დღეს ეკრანებს ისევ ვხედავთ სამოყვარულო თევზჭერისათვის ნებადართულ
მოწყობილობათა შორის. ამავდროულად სასროლი ბადის, რომელიც ოდითგანვე გამოიყენებოდა
ჩვენს წყალსატევებზე და არანაირ ზიანს არ აყენებდა იქტიოფაუნას, დიამეტრის მაქსიმალურად
დასაშვები მაჩვენებელი მხოლოდ 1.2 მეტრია, აშკარაა რომ ამ რეგულაციის შემომღებს საერთოდ
არანაირი წარმოდგენა არ აქვს სასროლი ბადით სამოყვარულო თევზჭერის სპეციფიკაზე.
რაც შეეხება მდინარის/ტბის კალმახის ჭერის აკრძალვას
- კატეგორიულად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საკითხი ერთმნიშვნელოვნად დგას. პირადად
მე იმის მომხრე ვარ, რომ მოხდეს პოპულაციის რაოდენობის დადგენა და გადაწყვეტილება მხოლოდ
ამის შემდეგ იქნას მიღებული, მაგრამ სამართლებრივი კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს,
მაშინ ვნახავთ, რომ იმ პერიოდისათვის, როდესაც
კალმახი შეიტანეს საქართველოს წითელ ნუსხაში, არსებობდა მთელი რიგი მოთხოვნები. აღსანიშნავია
რომ მდინარის კალმახი შეტანილია როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის წითელ წიგნებში და მინიჭებული
აქვს კატეგორია LC (least concern) რაც ნიშნავს, რომ მას შედარებით ნაკლები საფრთხე
ემუქრება და მასზე სამოყვარულო თევზაობა თითქმის ყველგან ნებადართულია. მაშინ მოქმედი
კანონმდებლობით იგივე კატეგორიის მინიჭების უფლება ჩვენს კანონმდებელსაც ჰქონდა. თუმცა
მოხდა უფრო მძიმე კატეგორიის VU (vulnerable) მინიჭება, რაც ნიშნავს მოწყვლადს. მოქმედი
რეგულაციებით კი უფრო მძიმე კატეგორიის მისანიჭებლად სავალდებულო იყო უახლესი კვლევების
შედეგებზე დაყრდნობილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიის დასკვნა. ასეთი
დასკვნა კი ბუნებაში არ არსებობს ან თუ არსებობს, არის აბსოლუტური ბლეფი, რადგან ბოლო
კვლევები ამ დარგში ათწლეულების წინ ჩატარდა. შესაბამისად არ არსებობდა არანაირი კანონისმიერი
საფუძველი იმისა, რომ კალმახი მოხვედრილიყო წითელ ნუსხაში. შესაბამისად ჩვენ, მოყვარულ
მეთევზეებს ყოვლად უკანონოდ გვერთმევა ამ სახეობაზე თევზაობის უფლება.
ახალ რეგულაციებს ისევ ახლავს სახეობების მიხედვით ჭერისათვის
მინიმალურად ნებადართული ზომების ნუსხა, რომლიდანაც გამომდინარებს, რომ 20 სმ -ზე პატარა
კარჩხანის (რომელიც ჩვენი ენდემი არა არის და კატასტროფული რაოდენობით მრავლდება) ჭერა
უკვე კანონდარღვევაა, ამავდროულად არ არის დადგენილი ერთი მოყვარული მეთევზის მიერ
ერთ თევზაობაზე მოპოვებული თევზის მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა. გაუგებარია რა
მიზანს ემსახურება ასეთი რეგულირება?
ქართული კანონმდებლობა ტერმინ ”ბრაკონიერობა” - ს არ
იცნობს, ეს ტერმინი ჩვენში გამოყენება, როგორც მონადირის/მეთევზის მიერ ფლორისა და
ფაუნისათვის ზიანის მიყენების განმარტება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი
კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სამოყვარულო თევზჭერას ეს არის დღევანდელი სახელმწიფოს
მხრიდან ბრაკონიერობის აშკარა მაგალითი.
No comments:
Post a Comment