ბლოგზე უკვე რამდენჯერმე შევეხე Catch&Release თემას. ახლა კი დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხის ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტზე, როგორიცაა ე.წ. "უფხო" ნემსკავები, რომელთა გარეშე Catch&Release პრინციპის სრულყოფილად განხორციელება წარმოუდგენელია.
ამ ტიპის ნემსკავების ბაზარზე გამოჩენა განპირობებულია ერთის მხრივ თევზის მარაგების შემცირებით, მეორეს მხრივ კი მეთევზეთა კულტურის დონის ზრდით (მეორე პუნქტზე საუბრისას მხედველობაში არ მაქვს საქართველო). ცივილიზებული ქვეყნების უმრავლესობაში სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობა პირდაპირ ეწევა ამ ტიპის ნემსკავების პოპულარიზაციას იმ მხრივ, რომ მთელ რიგ წყალსატევებზე თევზაობა მხოლოდ "უფხო" ნემსკავებით არის ნებადართული.
მისი აშკარა უპირატესობა "ჰუმანურობაში" გამოიხატება - ნემსკავს არ აქვს "ფხა", შესაბამისად პენეტრაცია ხდება უფრო სწრაფად, იარის ზომა მცირეა და ექსტრაქციაც შეუდარებლად ადვილია.
ამ ტიპის ნემსკავებს ბევრი ცნობილი კომპანია აწარმოებს, Fly Fishing - ში, უამრავი ფორმის ნემსკავი გამოიყენება და დღესდღეისობით თითქმის ყველა მათგანს აქვს "უფხო" ანალოგი. თუმცა ჩვეულებრივი ნემსკავის ბრტყელტუჩათი, ან იმიტაციების დასამზადებელი დაზგის გამოყენებით, მოდიფიცირებაც პრობლემას არ წარმოადგენს
ცნობილია, რომ დაჭერის შემდეგ გაშვებული თევზის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ნემსკავის ამოღებისას ხდება მისთვის ფიზიკური ან თერმული ტრავმის მიყენება, უფხო ნემსკავის გამოყენების შემთხვევაში თევზის წყლიდან ამოყვანა უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ არის აუცილებელი, საკმარისია უბრალოდ მიუშვათ შნური და თქვენი ნადავლი უპრობლემოდ დაუბრუნდება მშობლიურ სტიქიას. სწორედ აქ იმალება ამ ტიპის ნემსკავების პირობითად უარყოფითი მხარე, თევზის გამოყვანისას საჭიროა შევინარჩუნოთ შნურის მუდმივი დაჭიმულობა, რათა თევზი დროზე ადრე არ დავკარგოთ. მაქვს ასეთი სამწუხარო გამოცდილება, თუმცა საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა არ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი.
უფხო ნემსკავების გამოყენების დადებითი მხარეები ამით არ ამოიწურება. ისინი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად "უსაფრთხონი" არიან თავად მეთევზისთვისაც. მაგალითად თუკი შნურის წარუმატებლად მიწოდების შემდეგ იმიტაცია თქვენს თითში აღმოჩნდება, მისი მოცილება "ფხიან" ანალოგთან შედარებით გაცილებით ადვილი და უმტკივნეულოა
ასევე ადვილია მისი ამოღება ქვედაბადიდან და ტანსაცმელიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, არ არსებობს არცერთი მიზეზი იმისათვის რომ უარი ვთქვათ უფხო ნემსკავების გამოყენებაზე. და ბოლოს - ეცით პატივი თქვენს ღირსეულ მოწინააღმდეგეს, ნუ იქცევით მეხორცეებად და მერწმუნეთ, წყალსატევზე გატარებული დაუვიწყარი მომენტების სახით, აუცილებლად მიიღებთ ჯილდოს.
No comments:
Post a Comment