Saturday, April 5, 2014

North Country Spiders

         დღესდღეისობით რთულია იმის თქმა ან მითუმეტეს მტკიცება, თუ კონკრეტულად როდის გამოჩნდნენ ასპარეზზე ამ ტიპის იმიტაციები. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად მათი ისტორია უკვე სამ საუკუნეზე მეტს ითვლის და რა თქმა უნდა უკავშირდება ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს, კონკრეტულად კი მის ჩრდილოეთ ნაწილს. ავტორთა უმეტესობის ვერსიით, პირველად სპაიდერების აღწერილობა მოცემული იქნა 1807 წელს გამოცემულ წიგნში List of Wharfedale Flies, მისი ავტორი გახლდათ ინგლისელი ფერმერი ჯონ სვარბრიკი (John Swarbrick) 


        მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში მოცემულია საკმაოდ დეტალური აღწერილობები, სპაიდერებმა პირველ ეტაპზე წარმატება ვერ მოიპოვა, რადგან მათი გამოჩენა დაემთხვა კლასიკური, ფრთიანი სველი იმიტაციების პოპულარობოს პიკს.
        მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს, კერძოდ კი 1885 წელს ტომას ევან პრიტის (T.E. Pritt) მიერ გამოცემულმა წიგნმა Yorkshire Trout Flies, და ერთი წლის შემდეგ მისმა გადამუშავებლმა ვარიანტმა North Country Flies მოიტანა საყოველთაო აღიარება.



        ავტორთა ეს ჩამონათვალი ნამდვილად არასრული იქნებოდა თუკი არ მოვიხსენებთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ჰარფილდ ედმონდსი და ნორმან ლი (Harfield Edmonds, Norman Lee) მათი, 1916 წელს გამოცემული წიგნით "Brook and River Trouting"



             უილიამ სტუარტის (William Stewart) 1857 წელს გამოცემული The Practical Angler 


              კლასიფიკაციის მხრივ სპაიდერებს იმიტაციათა სისტემაში შემდეგი ადგილი უკავიათ: Wet Flies - Soft Hackled Wet Flies - North Country Flies - North Country Spiders. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ზოგადად Soft Hackled Wet Flies დამახასიათებელი ნიშანი რბილი ბუმბულის გამოყენებით მოძრაობის მაქსიმალურად რეალისტურად ასახვაა, სწორედ ეს მომენტი არის წამოწეული წინა პლანზე სპაიდერებში. ისინი იმპრესიონისტული იმიტაციების კატეგორიას განეკუთვნებიან, შესაბამისად არ ახდენენ რომელიმე კონკრეტული მწერის ზუსტ ასახვას, სამაგიეროდ ახდენენ თევზისათვის უკიდურესად მიმზიდველი აქტივობის იმიტირებას. დღემდე არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ თუ მწერის განვითარების რომელ ეტაპს შეესაბამებიან ისინი, ზოგი ავტორი თვლის რომ სპაიდერები არასრულად განვითარებულ, ემერჯენციის დროს დაღუპულ რუისელებსა და მედღეურებს   ასახავენ, ზოგი კი იმ აზრს ემხრობა რომ ამ კლასის სატყუარათა დანიშნულება არის თევზის სხვადასხვა კვებითი ობიექტის მოძრაობისათვის მაქსიმალურად რეალისტური მიბაძვა. ისტორიულად სპაიდერების გატარების არეალი დინების შუა და ზედაპირთან ახლოს არსებული მონაკვეთია, თუმცა ჩვენთან ისინი კარგად მუშაობენ ფსკერთან გატარების დროსაც. აღსანიშნავია კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი, ბუმბულის დახვევისას საჭიროა მაქსიმუმ 2 - 3 ხვეული ნემსკავის ტანზე, რითაც მიიღწევა კონკრეტული ბუმბულის თითოეული მეორადი განშტოების თავისუფალი და შესაბამისად მაქსიმალურად რეალისტური "თამაში".
       ბლოგზე უკვე განთავსებული მაქვს რამდენიმე სტატია სპაიდერთა კლასის განსაკუთრებით ეფექტურ იმიტაციათა შესახებ, სადაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ისტორიას და დამზადების ტექნიკას, ამიტომ შემდეგი სტატიის თემა იქნება სპაიდერებით თევზაობისათვის საჭირო აღჭურვილობა და ჭერის ტაქტიკა.    
              

No comments: