Monday, April 14, 2014

2014 წლის სეზონის გახსნა


                კვირას ვერ მოვითმინე და სეზონის გახსნა გადავწყვიტე.  ყველაზე ოპტიმალურ ადგილად ისევ არაგვი მგონია, მტკვართან შედარებით ნაკლებად მღვრიეა. არანაირი ექსპერიმენტების ჩატარების დრო არ მქონდა, ამიტომ ისევ სპაიდერებს მივენდე და ცოტა გავერთე კიდეც. სტუარტის სპაიდერმა ჩვეული კლასი აჩვენა


            სამწუხაროდ ქაშაპი ვერ დავიჭირე და მხოლოდ რაღაც გაურკვეველი ნადავლი მერგო, თეთრულა ნამდვილად არ არის, არც ვიმბა და არც ნაფოტა. მოკლედ აი ასეთი ზომის თევზი აქტიურობდა და  რამდენიმეთვიანი უმოქმედობის შემდეგ  მაინც სასიამოვნო იყო კლასიკური ეკიპირებითა და მონტაჯით სატყუარის შედეგიანი გატარება



               თევზისა და სატყუარის ზომიდან გამომდინარე მესამე კლასის გამოყენება ერთი შეხედვით უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, სეზონის გახსნაზე ყოველთვის ჩემი პირველი ანკესი - 5/6 კლასის Sonik Sk3 დამაქვს და არც ამჯერად მინანია, საკმაოდ ძლიერ ქარში შედარებით მძიმე კლასის შნური გაცილებით კომფორტულად გათევზავებთ.  ერთი და იგივე სატყუარის მონოტონურად, მთელი დღის განმავლობაში გამოყენება საკმაოდ მომაბეზრებელია, ამიტომ იგივე სპაიდერის დეივი მაკფეილისეული ვარიაციის გამოყენებაც ვცადე, რომელმაც შარშან მშვენივრად იმუშავა, მაგრამ ამჯერად შედეგი ნულია


             მოკლედ სახლში დარჩენას არაგვზე სტუმრობა ნამდვილად სჯობდა. ესეც სასიამოვნო დღის არანაკლებ სასიამოვნო დასასრული



       

No comments: