Monday, May 12, 2014

სპაიდერებზე თევზაობის ტაქტიკა

         როგორც დაგპირდით, გთავაზობთ სტატიათა სერიას სველ იმიტაციაზე თევზაობის ტექნიკისა და ტაქტიკის შესახებ. უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო სპაიდერების, როგორც ჩემს პრატიკაში ყველაზე წარმატებული სატყუარების, თემას.
  თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სპაიდერებზე სათევზაოდ გამოიყენებოდა საკმაოდ გრძელი 14 ფუტამდე ანკესები. თანამედროვე პირობებში ჩეხური ნიმფინგისათვის განკუთვნილი ანკესები ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება. შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალი კლასის გამოყენებაც, მაგრამ ქარიან პირობებში მასთან მუშაობა საკმაოდ რთული და მოუხერხებელია. მე კომპანია კაბელასის 4 კლასის 10 ფუტიან ვარიანტს ვიყენებ. ასეთ არჩევანს რა თქმა უნდა თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. საქმე იმაშია, რომ სპაიდერებზე თევზაობის კლასიკური, დღესდღეისობით თითქმის მივიწყებული ტექნიკა, რომელსაც upstream wet fly fishing ეწოდება, სატყუარის შორს მიწოდებას არ ითვალისწინებს, მეტიც, შნური თითქმის არ გამოიყენება, ტიულპანიდან მაქსიმუმ ანკესის სიგრძის ტოლი შნურის გამოშვება ხდება, შესაბამისად, ჩეხური ნიმფის ანკესი, რომელიც წყობით ძალზედ რბილია, ადვილად იტვირთება მხოლოდ გრძელი ლიდერით, გარდა ამისა სიგრძე თევზთან კიდევ უფრო შეუმჩნევლად მიახლოვებაშიც გვეხმარება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე უნდა გაიქცეთ და შეუკვეთოთ ახალი ანკესი სპეციალურად ამ მეთოდისათვის, 5-6 კლასის 9 ფუტიანი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტითაც, უპრობლემოდ შეიძლება ფონს გასვლა, უბრალოდ პირადად ჩემთვის სპეციალიზებული ინსტრუმენტის ქონა უფრო მოსახერხებელი და რაც მთავარია სასიამოვნოა. რაც შეეხება კოჭასა და შნურს, აქ არაფერი განსაკუთრებული არაა საჭირო, მე ისევ ჩეხური ნიმფის კომპლექტს ვიყენებ, კოჭით, რომელიც კარგად აბალანსებს ანკესს და მეოთხე კლასის DT ტიპის მცურავი შნურით.  


              კლასიკური სტილი მდინარეში საკმაოდ აქტიურ გადაადგილებას გულისხმობს, ამიტომ კარგია, თუკი თან იქონიებთ ე.წ. wading staff -ს პირადად მე Simm's -ს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მას ხარისხითა და საიმედოობით ტრადიციულად პირველი ადგილი უჭირავს. უსაფრთხოება კი, იმისათვის რომ წყალსატევზე დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.


              რაც შეეხება მონტაჟს - კლასიკური მონტაჟი ტრიოს - სამი იმიტაციის ერთდროულ გამოყენებას გულისხმობს, მისი სიგრძე დაახლოებით ანკესის სიგრძის ტოლია, სატყუარები ერთმანეთისაგან 50-70 სმ-ის  დაშორებით ფიქსირდება 15-20 სმ სიგრძის სატარებელზე. აი ასე გამოიყურება მონტაჟის ერთ-ერთი ვარიანტი (სურათი აღებულია საიტიდან frontrangeanglers.com)


               სამი სხვადასხვა იმიტაციის ერთდროულად გამოყენება აადვილებს კონკრეტულ მომენტში თევზის კვებითი "სიმპათიის" სწრაფ დადგენას. გარდა ამისა სამი ობიექტის ერთდროული მოძრაობა წყალში მწერების აქტივობის იმიტირებას კარგად ახდენს, ასევე ისიც ნათელია, რომ სამი სატყუარა უფრო ადვილად შესამჩნევია ჩვენი ჭერის ობიექტისათვის ვიდრე ერთი.
               ახლა კი ორიოდ სიტყვა უშუალოდ თევზაობის ტაქტიკაზე -ჭერა ხორციელდება დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იმიტაციების მიწოდებით, თვითოეულ პერსპექტიულ წერტილში სატყუარების გატარება ხდება 3-4-ჯერ, შემდეგ ვაგრძელებთ მოძრაობას დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, ასეთი სტილი საშუალებას გვაძლევს შეუმჩნევლად, საკმაოდ ახლო მანძილზე მივუახლოვდეთ თევზს, რადგან, როგორც ცნობილია, იგი თითქმის ყოველთვის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დგას. ესეც მცირე ვიდეორგოლი ოლივერ ედვარდსის ფილმიდან, რომელიც ეხება ზოგადად სველ იმიტაციებზე ჭერის  ტაქტიკას და სადაც კარგად ჩანს, თუ რა იგულისხმება upstream wet fly fishing - ში. 

        

      შემდეგ სტატიაში განვაგრძობთ საუბარს wet fly ტიპის სატყუარებზე თევზაობის სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების შესახებ.

No comments: