Monday, June 23, 2014

ანგარიშის გახსნა მტკვარზე 22.06.2014

         გუშინ მცხეთას ვეწვიე, საკმაოდ საინტერესო ადგილებია, თევზიც არის, ვერცერთი თევზი ვერ დავიჭირე, ერთადერთი თეთრულა დაჯდა 12 ნომერ ნიმფაზე და ისიც, გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის "უფხო" ნემსკავებს ვიყენებ, შუა გზიდან, წყლიდან ამოღების გარეშე დავაბრუნე მდინარეში. შევამჩნიე, რომ გატარებისას ნემსკავი ერთი და იგივე ადგილას ედებოდა ფსკერს, რამდენიმე სატყუარაც დავკარგე ამის გამო და ბოლოს მივხვდი რისი ბრალიც, იყო - ნაპირიდან ორიოდ მეტრში ნახევრად გახრწნილი თევზით სავსე ეკრანი ამოვიღე, რომელსაც ერთი ახლადგახლართული წვერაც ამოყვა


     საკმაოდ ბევრი ვიწვალე მის "მოსულიერებაზე", იმედია გადარჩება და მომავალში კიდევ ერთხელ შევხვდებით



     ამის შემდეგ, მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე გამოჩნდა "ეკრანშიკების" ხროვა, რა თქმა უნდა გამოძახებულ იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა მათი დაკავება და დეპარტამენტში გადაყვანა, ეკრანებითა და მოპოვებული თევზით, სადაც შედგა ოქმი, რომელსაც დაერთო ჩემი ჩვენებაც




        ტრასაზე გამოტანილი თევზის "პატრონსაც" მიეხედა, სამწუხაროდ ეკრანი არ ქონდა თან, ამიტომ დაჭერილი თევზის გაშვებით შემოვიფარგლეთ



       მოკლედ გასული დღის კმაყოფილი ვარ, ვთვლი, რომ კარგი საქმე გავაკეთე. იმედია სხვებისთვის მაგალითი იქნება, რადგან საკმაოდ ბევრი მეთევზე დადის ამ ადგილებში., სათევზაოდ თუ არა გავლით მაინც და საკუთარი თვალით ხედავს ამ უმსგავსობას, რადგან ეს ყოველივე მშვენივრად ჩანს ცენტრალური ტრასის ხიდიდან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გიორგი მარტაშვილს, ომარ ვეკუასა და მამუკა ქარდავას, რადგან მათი დახმარების გარეშე ამ ამაზრზენი ფაქტის აღკვეთას მარტო ვერ მოვახერხებდი. რადგან ვიყავი მარტო და მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე გადასვლას ძალიან დიდი ხანი დასჭირდებოდა, გარემოს დაცვის სამინისტროს მანქანით კი რამდენიმე წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. 
     P.S. თქვენ არ იცით რა სიმფონიაა ფაქტზე დაჭერილი პირუტყვი ბრაკის ზმუილი რომ ჩაგესმის, რომელიც წკავწკავში გადადის, ნამდვილად ღირდა ამ სიამოვნებისათვის წვალება.

Friday, June 20, 2014

რამდენიმე სიტყვა მეთოდის "პერსპექტიულობაზე"

     

                სიმართლე გითხრათ, ცოტა მეხამუშება ტერმინ "პერსპექტიულობის" გამოყენება ისეთ თემაზე საუბრისას, როგორიცაა Fly Fishing - ი, ერთი შეხედვით, საერთოდ მიუღებელია, უფრო სწორედ კი აზრს მოკლებულია ამ საკითხის განხილვა - არ განხილვა, რადგან ამ მეთოდმა უკვე არაერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს აზრს ამ საკითხზე, განსაკუთრებით იმათ აზრს, ვისაც ეს მეთოდი მხოლოდ სურათებზე და ვიდეორგოლებზე აქვს ნანახი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მომიწია ცხოვრება და ალბათ საჭიროა ასეთი სტატიის არსებობა ბლოგზე. თუნდაც მხოლოდ იმ კატეგორიისათვის იყოს საინტერესო, ვინც არჩევანს ახლა აკეთებს. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პრაქტიკული გადმოსახედიდან მინდა არგუმენტების მოყვანა, რადგან ესთეთიკურ მხარეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, თუნდაც იმათ, ვინც ჯერ საბარგულს ავსებს თევზით და მერე ცუდ ადგილას იხევა სხვადასხვა ფორუმებზე იქტიოფაუნის დაცვის აუცილებლობაზე ტლიკინით. ზუსტი ნათქვამია - даже мартышка может иметь свое мнение о льве, но с её стороны не слишком умно будет сообщать ему об этом мнении.
        საერთოდ რა კატეგორია არის ამა თუ იმ მეთოდის "პერსპექტიულობა"? რა იგულისხმება ამ ტერმინში? მომავალში განვითარების პერსპექტივა? და ვის ანაღვლებს საერთოდ ამა თუ იმ მეთოდში რამდენი ადამიანი მოვა? ნუ ახლა სხვადასხვა კლუბების "პრეზიდენტებს" ალბათ ანაღვლებს, დევს ალბათ ამაში რაღაც მატერიალური ინტერესიც, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვინც თევზაობს მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს უბრალო სიამოვნება თევზჭერის პროცესიგან იმათთვის? მგონი არანაირი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.


                 შემდეგი საკითხი - თევზაობის ადგილი - ნუ აქ უკვე პირდაპირ ჩემს პირად გამოცდილებას შემიძლია დავეყრდნო - დროის და მანქანის უქონლობის გამო ვთევზაობ ფაქტიურად ბრაკებისგან გაჩანაგებულ ადგილებში, მაგალითად ორთაჭალაში, მცხეთის მიდამოებში არაგვზე და ა.შ. შედეგი სახეზეა, რად ღირს თუნდაც თბილისში დაჭერილი ხრამული, მართალი გითხრათ საერთოდ არ მინახავს და არც მსმენია ვინმეს საქართველოში ამ მეთოდით ხრამული დაეჭიროს. მოკლედ ადგილის შერჩევის მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. მეტიც ბევრგან მხოლოდ Fly Fishing - ი არის ეფექტური. 
                 თევზის სახეობა - აქაც მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი თევზის დაჭერა, მაგალითად უპრობლემოდ ვიჭერ კარჩხანას ბაზალეთის ტბაზე.
         ახლა უკვე კალმახიც არ არის პრობლემა, შევძელი და მივაღწიე იმას, რომ ფაქტიურად "დაიჭირე-გაუშვი" პრინციპის აღიარება მოვიპოვე სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური წერილის სახით. ნუ ახლა, რაც შეეხება Fly Fishing - ის მეთოდით კალმახის დაჭერას  - აქ სხვა მეთოდებს ხმა საერთოდ არ აქვთ ამოსაღები.



           რაც შეეხება მოხერხებულობასა და მობილურობას, სახეზე გვაქვს ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური აღჭურვილობა, რომელთანაც სპინინგის შედარებაც კი არ იქნება კორექტული, წონაში წააგებს. 
          რა კატეგორია გვრჩება? ფასი? ნებისმიერს დავუმტკიცებ რომ თანამედროვე სპორტულ მეთოდებში Fly Fishing - ი არის ყველაზე იაფი მეთოდი. გადახედეთ ფასებს და ნუ მიაქცევთ სხვადასხვა ჯურის "ექსპერტ" არამკითხეების აზრს ყურადღებას. 2008 წლიდან ამ მეთოდში ვარ და ვიცი რასაც ვწერ.
              მოკლედ არგუმენტები ჩემზეა და ხედავთ,  არჩევანი კი თქვენზეა, რაც მთავარია, ნუ იქნებით ბრაკები და მეხორცეები, მეთოდს კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
                და რაც მთავარია - ეს მცირე სტატია არცერთ შემთხვევაში არ უნდა განიხილოთ როგორც მეთოდის პოპულარიზაციის მცდელობა, ეს რომ მდომებოდა ახლაც ვიქნებოდი რომელიმე ფორუმზე ან ფედერაციაში, ამ ბლოგსაც გაცილებით ადვილად დასამახსოვრებელი დასახელება ექნებოდა, მითუმეტეს, რომ პროპაგანდის მხრივ საქართველოში ყველაზე მეტი შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა, და ვიყენებდი კიდეც, მაგრამ "ცოტა" სხვა ღირებულებებით ვცხოვრობ, თუ ამ ბლოგს კითხულობთ ალბათ თავადაც დარწმუნდებოდით ამაში, აქედან გამომდინარე მათთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს და არც არასოდეს მექნება  და არც ვნანობ ამის შესახებ. აი მათთან ურთიერთობაში უაზროდ დაკარგული დროის გამო კი ნამდვილად ვწუხვარ. 
       ეს სტატია არის უბრალოდ ერთი ადამიანის მცდელობა დაამსხვრიოს ის უაზრო მითები, რაც ამ მეთოდს უკავშირდება.

Sunday, June 8, 2014

ბაზალეთი 07.06.2014


                 დიდი სურვილის მიუხედავად ისევ ვერ მოვახერხე ორდღიანი თევზაობის მოწყობა, წინა გასვლაზე აპრობირებული ადგილიც დაკავებული დამხვდა, იძულებული ვიყავი ყველაფერი თავიდან დამეწყო. ამინდი ისევ ხელს მიწყობს, გრილა და ოდნავი სიო უბერავს. პირველ რიგში ცვლილებები შევიტანე აღჭურვილობაში - მეექვსე კლასის შნური მეხუთე კლასით შევცვალე, მეექვსე შორი სროლის დროს აშკარად ზედმეტად ტვირთავდა ანკესს. ქარი არ იყო და არჩევანიც სწორი აღმოჩნდა, სროლა გაცილებით კომფორტული გახდა.
                    რაც შეეხება სატყუარებს - უკვე დავადგინე რომ კლასიკური სპაიდერი ნომერ პირველია ჩემს არსენალში, მაგრამ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია, ამიტომ სპაიდერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, როდესაც ვერცერთი სხვა იმიტაცია შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ გუშინაც სპაიდერები საერთოდ არ გამომიყენებია. ვითევზავე მხოლოდ ორი იმიტაციით - Gold Head Pheasant Tail და Mini Leach (variant)  პირველი 14 ნომერზე, მეორე 10-ზე. 


                   გუშინდელ დღემდე 16 ნომერ ნემსკავზე უფრო დიდ იმიტაციებს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ის ცოცხალი საკვები ბაზა, რაც ჩვენს წყალსატევებში მინახავს, ძირითადში 16 ნომერს არ აღემატება, თუმცა გუშინ ვცადე და შედეგმაც არ დააყოვნა




                  რაც მთავარია წვრილი თეთრულა საერთოდ გამოირიცხა, ჯერ ერთი ნემსკავის ზომიდან გამომდინარე და მეორეც იმიტომ, რომ სპილენძის თავითა და ტყვიის მავთულით დამძიმებული იმიტაცია თეთრულას "ჰორიზონტს" სწრაფად კვეთს და ფსკერზე ადვილად ფიქსირდება, გარდა ამისა - წონა დამატებით მეხმარება შორ მანძილზე იმიტაციის კონტროლში.
        დღის ოთხი საათისათვის ნიავმა წყალმცენარეები ყურეში შემოიტანა და თევზაობაც შეუძლებელი გახდა, რადგან სათევზაო ადგილას წყლის ზედაპირი სრულად დაიფარა მოტანილი "ბალახით".
           ასეა თუ ისე, კარგად ვისიამოვნე, რაღა თქმა უნდა დაჭერილი თევზი დაუბრუნდა ტბას. აუცილებლად უნდა ვცადო ღამით თევზაობა, დარწმუნებული ვარ ნადავლის ზომა საგრძნობლად განსხვავებული იქნება. მოკლედ კარგი დღე იყო...მადლობა ტბას და თევზებს, იმედია მალე ისევ შევხვდებით. 

     

Monday, June 2, 2014

ბაზალეთი 31.05.2014



          ბაზალეთის თემით, ისევე როგორც ზოგადად ტბებითა და წყალსაცავებით 2006 წლიდან არ დავინტერესებულვარ, რამდენჯერმე კი გავედი სხვადასხვა ტბაზე, მაგრამ ეს უფრო გამოუვალი მდგომარეობის ბრალი იყო და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ მდინარეზე თევზაობის არახელსაყრელი პირობებს ვაწყდებოდი. 
         არადა კონკრეტულად ბაზალეთის ტბა საკმაოდ საინტერესო შესასწავლი აღმოჩნდა. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ წინა გასვლაზე კარჩხანა დავიჭირე სპაიდერზე, რაც ამ სატყუარის ასე ვთქვათ "იმიჯში" საერთოდ არ ჯდება. მოკლედ, გასული შაბათიც ბაზალეთს დავუთმე, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე ორდღიანი თევზაობის მოწყობა, სულ რამდენიმე საათი გავატარე ტბაზე, მაგრამ საკმაოდ შედეგიანად. 
          სრულფასოვანი ექსპერიმენტის ჩატარებას ხელს უშლის ყოველ რამდენიმე წუთში ჩამოქროლილი სკუტერის ან კატარღის ხმაური, ასევე ის, რომ მეთევზეებიც მრავლად არიან. სიტყვა "მეთევზეს" პირობითად ვიყენებ, რადგან მათი თევზაობა ნაპირზე ღიპამოგდებული ტანტალით, ლუდის სმით, ნაგვის დატოვებითა და მობილურზე ლაპარაკით შემოიფარგლება. მოკლედ ასე თუ ისე ცარიელი ტერიტორია შევარჩიე და წყალში შევედი. ფსკერი, როგორც ასეთი არ არსებობს, დავდიოდი ფაქტიურად ჭაობზე და რომ არ ჩავფლობილიყავი ერთ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე წამს ვჩერდებოდი.
           უკვე მეორეჯერ მიმართლებს ამინდის, განსაკუთრებით კი ქარის მხრივ, საკმაოდ გრილოდა, ნუ იმ დონეზე მაინც, რომ 11 დან 4 საათამდე ვეიდერსი მეცვა და არ დამცხა, რაც შეეხება ქარს, ნამდვილად უცნაურია ასეთი მსუბუქიო სიო, რაგდან ადრე ისეთი სიჩქარით უბერავდა ქარი, რომ ფლაის შნურს კი არა მატჩის 14 გრამიან ტივტივას ვერ ვისროდი ნორმალურად. 
             ახლა რაც შეეხება უშუალოდ თევზაობას-თავიდან რა თქმა უნდა სპაიდერებით გავერთე - ერთი გატარება - ერთი თევზი, ისე საინტერესოა სამსატყუარიან მონტაჟზე თუ დაჯდება ერთდროულად სამი თევზი. დამეზარა ექსპერიმენტის ჩატარება და ერთ იმიტაციიან ვარიანტზე შევშერდი. 
          საკმაოდ აზარტულია ბალახის წყალქვეშა კუნძულებსა და ლელიანში ღია ადგილის პოვნა და სატყუარის დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან 20 სმ-იან მონაკვეთში დასმა და თან ისე, რომ გატარებისას იმიტაცია არ ჩაწყვიტო. მოკლედ თითქმის ნადირობა გამოვიდა. არცერთი სატყუარა არ დამიკარგავს, სამაგიეროდ დავკარგე საკმაოდ დიდი ზომის კარჩხანა. ოდნავ დავაგვიანე ამოკვრა და თევზმა მაშინვე ისარგებლა ამით, ფსკერისკენ წავიდა და ლიდერი წყალმცენარეებში გახლართა, ლიდერი და სატყუარა კი გადავარჩინე, მაგრამ თევზი გამექცა. სამწუხაროდ შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მომეცა. კარჩხანა იმ დღეს აღარც კი მინახავს.
                 მოკლედ სპაიდერებს შევეშვი და დიდი ხნის გადანახულ სპილენძის თავიან "Mini Leach"-ს მივხედე.


         უკვე რამდენიმე წელია ვცდილობ მათზე თევზის დაჭერას, მაგრამ უშედეგოდ, ხოდა ბაზალეთმა ნავსი გატეხა. ამ სატყუარამ ზუსტად ისევე ეფექტურად იმუშავა, როგორც სტუარტის სპაიდერმა


              ექსპერიმენტის სახით Red Tag -ის სველი ვარიანტიც გამოვიყენე, მანაც მშვენიერი შედეგი აჩვენა.


         რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყოველთვის, ყველა თევზი დაუბრუნდა წყალსატევს. ნელ ნელა გამოცდილება გროვდება, სისტემაში მოდის, იმედია წინ კიდევ არაერთი საინტერესო გასვლა მელოდება ამ სეზონზე.