ბაზალეთის თემით, ისევე როგორც ზოგადად ტბებითა და წყალსაცავებით 2006 წლიდან არ დავინტერესებულვარ, რამდენჯერმე კი გავედი სხვადასხვა ტბაზე, მაგრამ ეს უფრო გამოუვალი მდგომარეობის ბრალი იყო და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ მდინარეზე თევზაობის არახელსაყრელი პირობებს ვაწყდებოდი.
არადა კონკრეტულად ბაზალეთის ტბა საკმაოდ საინტერესო შესასწავლი აღმოჩნდა. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ წინა გასვლაზე კარჩხანა დავიჭირე სპაიდერზე, რაც ამ სატყუარის ასე ვთქვათ "იმიჯში" საერთოდ არ ჯდება. მოკლედ, გასული შაბათიც ბაზალეთს დავუთმე, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე ორდღიანი თევზაობის მოწყობა, სულ რამდენიმე საათი გავატარე ტბაზე, მაგრამ საკმაოდ შედეგიანად.
სრულფასოვანი ექსპერიმენტის ჩატარებას ხელს უშლის ყოველ რამდენიმე წუთში ჩამოქროლილი სკუტერის ან კატარღის ხმაური, ასევე ის, რომ მეთევზეებიც მრავლად არიან. სიტყვა "მეთევზეს" პირობითად ვიყენებ, რადგან მათი თევზაობა ნაპირზე ღიპამოგდებული ტანტალით, ლუდის სმით, ნაგვის დატოვებითა და მობილურზე ლაპარაკით შემოიფარგლება. მოკლედ ასე თუ ისე ცარიელი ტერიტორია შევარჩიე და წყალში შევედი. ფსკერი, როგორც ასეთი არ არსებობს, დავდიოდი ფაქტიურად ჭაობზე და რომ არ ჩავფლობილიყავი ერთ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე წამს ვჩერდებოდი.
უკვე მეორეჯერ მიმართლებს ამინდის, განსაკუთრებით კი ქარის მხრივ, საკმაოდ გრილოდა, ნუ იმ დონეზე მაინც, რომ 11 დან 4 საათამდე ვეიდერსი მეცვა და არ დამცხა, რაც შეეხება ქარს, ნამდვილად უცნაურია ასეთი მსუბუქიო სიო, რაგდან ადრე ისეთი სიჩქარით უბერავდა ქარი, რომ ფლაის შნურს კი არა მატჩის 14 გრამიან ტივტივას ვერ ვისროდი ნორმალურად.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ თევზაობას-თავიდან რა თქმა უნდა სპაიდერებით გავერთე - ერთი გატარება - ერთი თევზი, ისე საინტერესოა სამსატყუარიან მონტაჟზე თუ დაჯდება ერთდროულად სამი თევზი. დამეზარა ექსპერიმენტის ჩატარება და ერთ იმიტაციიან ვარიანტზე შევშერდი.
საკმაოდ აზარტულია ბალახის წყალქვეშა კუნძულებსა და ლელიანში ღია ადგილის პოვნა და სატყუარის დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან 20 სმ-იან მონაკვეთში დასმა და თან ისე, რომ გატარებისას იმიტაცია არ ჩაწყვიტო. მოკლედ თითქმის ნადირობა გამოვიდა. არცერთი სატყუარა არ დამიკარგავს, სამაგიეროდ დავკარგე საკმაოდ დიდი ზომის კარჩხანა. ოდნავ დავაგვიანე ამოკვრა და თევზმა მაშინვე ისარგებლა ამით, ფსკერისკენ წავიდა და ლიდერი წყალმცენარეებში გახლართა, ლიდერი და სატყუარა კი გადავარჩინე, მაგრამ თევზი გამექცა. სამწუხაროდ შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მომეცა. კარჩხანა იმ დღეს აღარც კი მინახავს.
მოკლედ სპაიდერებს შევეშვი და დიდი ხნის გადანახულ სპილენძის თავიან "Mini Leach"-ს მივხედე.
უკვე რამდენიმე წელია ვცდილობ მათზე თევზის დაჭერას, მაგრამ უშედეგოდ, ხოდა ბაზალეთმა ნავსი გატეხა. ამ სატყუარამ ზუსტად ისევე ეფექტურად იმუშავა, როგორც სტუარტის სპაიდერმა
ექსპერიმენტის სახით Red Tag -ის სველი ვარიანტიც გამოვიყენე, მანაც მშვენიერი შედეგი აჩვენა.
რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყოველთვის, ყველა თევზი დაუბრუნდა წყალსატევს. ნელ ნელა გამოცდილება გროვდება, სისტემაში მოდის, იმედია წინ კიდევ არაერთი საინტერესო გასვლა მელოდება ამ სეზონზე.
No comments:
Post a Comment