Sunday, June 8, 2014

ბაზალეთი 07.06.2014


                 დიდი სურვილის მიუხედავად ისევ ვერ მოვახერხე ორდღიანი თევზაობის მოწყობა, წინა გასვლაზე აპრობირებული ადგილიც დაკავებული დამხვდა, იძულებული ვიყავი ყველაფერი თავიდან დამეწყო. ამინდი ისევ ხელს მიწყობს, გრილა და ოდნავი სიო უბერავს. პირველ რიგში ცვლილებები შევიტანე აღჭურვილობაში - მეექვსე კლასის შნური მეხუთე კლასით შევცვალე, მეექვსე შორი სროლის დროს აშკარად ზედმეტად ტვირთავდა ანკესს. ქარი არ იყო და არჩევანიც სწორი აღმოჩნდა, სროლა გაცილებით კომფორტული გახდა.
                    რაც შეეხება სატყუარებს - უკვე დავადგინე რომ კლასიკური სპაიდერი ნომერ პირველია ჩემს არსენალში, მაგრამ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია, ამიტომ სპაიდერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, როდესაც ვერცერთი სხვა იმიტაცია შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ გუშინაც სპაიდერები საერთოდ არ გამომიყენებია. ვითევზავე მხოლოდ ორი იმიტაციით - Gold Head Pheasant Tail და Mini Leach (variant)  პირველი 14 ნომერზე, მეორე 10-ზე. 


                   გუშინდელ დღემდე 16 ნომერ ნემსკავზე უფრო დიდ იმიტაციებს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ის ცოცხალი საკვები ბაზა, რაც ჩვენს წყალსატევებში მინახავს, ძირითადში 16 ნომერს არ აღემატება, თუმცა გუშინ ვცადე და შედეგმაც არ დააყოვნა




                  რაც მთავარია წვრილი თეთრულა საერთოდ გამოირიცხა, ჯერ ერთი ნემსკავის ზომიდან გამომდინარე და მეორეც იმიტომ, რომ სპილენძის თავითა და ტყვიის მავთულით დამძიმებული იმიტაცია თეთრულას "ჰორიზონტს" სწრაფად კვეთს და ფსკერზე ადვილად ფიქსირდება, გარდა ამისა - წონა დამატებით მეხმარება შორ მანძილზე იმიტაციის კონტროლში.
        დღის ოთხი საათისათვის ნიავმა წყალმცენარეები ყურეში შემოიტანა და თევზაობაც შეუძლებელი გახდა, რადგან სათევზაო ადგილას წყლის ზედაპირი სრულად დაიფარა მოტანილი "ბალახით".
           ასეა თუ ისე, კარგად ვისიამოვნე, რაღა თქმა უნდა დაჭერილი თევზი დაუბრუნდა ტბას. აუცილებლად უნდა ვცადო ღამით თევზაობა, დარწმუნებული ვარ ნადავლის ზომა საგრძნობლად განსხვავებული იქნება. მოკლედ კარგი დღე იყო...მადლობა ტბას და თევზებს, იმედია მალე ისევ შევხვდებით. 

     

No comments: