Tuesday, September 23, 2014

TENKARA...



               საკმაოდ დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობ... მაინტერესებს კლასიკურ Fly -სთან შედარება. ერთი შეხედვით ზედმეტად მარტივი მეთოდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კლასიკური  Fly-სგან კარდინალურად განსხვავდება. ეს არც არის გასაკვირი, თუკი Fly Fishing საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დიდგვაროვნების გართობად მოიაზრებოდა, ტენკარა თავიდანვე იაპონელი გლეხების მიერ უბრალოდ საკვების მოსაპოვებლად გამოიყენებოდა, სატყუარებიც არსებითად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეთოდი თევზის საკვები ბაზის ამა თუ იმ ნაწილს ასახავს, ტენკარას თანამედროვე ოსტატების ნამუშევარს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასალებითა და ტექნიკით ძალზედ მარტივად და უხეშად არიან დამზადებულნი, ის ელეგანტურობა, რომელიც კლასიკურ Fly- ს სატყუარებს ახასიათებს, აქ საერთოდ უგულებელყოფილია

                         
        ყოველივე ამის მიუხედავად უკვე დადასტურებულია, რომ ტენკარა ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე Fly Fishing. ეს მეთოდი ძალიან წააგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ე.წ. "ბუნდღაობას", ორივეგან გამოიყენება "ყრუ" აღჭურვილობა და დაახლოებით ერთნაირი სატყუარები, თუმცა რევერსიულ კებარის, ტენკარის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, ქართული მეთოდი არ იცნობს. 
             საგულისხმოა, რომ ეს მეთოდი აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებოდა, მასზე დასავლურ კულტურას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რაზეც დეტალურად, ისტორიული წყაროების დახმარებით უახლოვეს მომავალში აუცილებლად დაიწერება ამ ბლოგზე.
          მიუხედავად ამისა დღევანდელ დღეს ტენკარას სატყუარები აქტიურად გამოიყენება Fly Fishing-ში და პირიქით. თუმცა ჩემი ექსპერიმენტის მიზანია ამ ორი მეთოდის შედარება ისე, რომ თითოეულ მათგანში გამოვიყენებ იმ სატყუარებს, რომლებიც მათთვის ისტორიულად არის დამახასიათებელი, კერძოდ კი ტენკარისათვის გამოვიყენებ კებარისა და საკასა კებარის, ხოლო Fly-სთვის კი კლასიკურ სპაიდერებს, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს ეფექტურობა.
           საგულისხმოა, რომ ეს ექსპერიმენტი საკმაოდ იაფი გამოვა, რადგან ტენკარის ანკესის გარდა უკვე ყველაფერი მაქვს. ანკესიც უკვე გზაშია, არაერთი რესურსი გადავიკითხე და შევჯერდი შემდეგ ვარიანტზე Iwana 12 ft 6:4


           ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ტენკარისა და კლასიკური Fly - ს შედარებისათვის დაახლოებით გამოდგება მოსაქნევი და მატჩის მეთოდით ტივტივაზე თევჭერის მაგალითი + ამას ჩეხურ ნიმფასთან პარალელის გავლებაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან, ჩეხების მსგავსად, არც იაპონელები იყენებენ შნურს მისი კლასიკური გაგებით. რაც შეეხება თეორიულ ბაზას, უკვე შევისწავლე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და თუკი ეს მეთოდი გაამართლებს, ბლოგზე ტენკარისადმი მიძღვნილ ცალკე განყოფილებას შემოგთავაზებთ.

No comments: