Saturday, December 22, 2012

Brassie



              გთავაზობთ მცირე სტატიას საკმაოდ სპეციფიკური იმიტაციის შესახებ. პირველი ცნობები მის შესახებ მეოცე საუკუნის 60 - იან წლებს უკავშირდება. სამწუხაროდ ავტორის სახელი და გვარი ცნობილი არ არის, თუმცა მოვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სატყუარის გამოჩენა უკავშირდება სამ კოლორადოელ მეთევზეს, რომლებმაც მცირე ზომის რუისელის ლარვის და კოღოს ლარვის იმიტირებისათვის გადაწყვიტეს სპილენძის წვრილი მავთულის გამოყენება. ეს სატყუარა ძალიან ეფექტური გამოდგა პირველივე თევზაობაზე Colorado’s South Platte River-ზე და, გამოყენებული მასალიდან გამომდინარე ეწოდა  Brassie ანუ სპილენძის. თავდაპირველად სპილენძს იღებდნენ ელექტროძრავებიდან, მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო ამ სატყუარას უშუალოდ თევზაობის წინ დამზადება, რადგან ჩვეულებრივი მავთული ძალიან სწრაფად კარგავდა ფერს. მოგვიანებით ეს იმიტაციები სპეციალურ ჟელატინის კაპსულებში იყიდებოდა, რაც კოროზიას გამორიცხავდა. დღესდღეისობით ეს პრობლემა არ დგას რადგან მწარმოებლები გვთავაზობენ  მავთულს, რომელიც ფერს არ იცვლის ე.წ. non tarnishing copper wire.
             მათვულის გარდა დაგვჭირდება ნემსკავი, მუქი დაბინგი და სამონტაჟო ძაფი. დამზადება ძალიან მარტივია.

   

         წარმოდგენილ ვიდეორგოლზე დაბინგის ნაცვლად გამოყენებულია ფარშევანგის ბუმბული, ასევე შესაძლებელია სპილენძის ან ვოლფრამის თავის დამატება, იმიტირებული ორიგინალიდან გამომდინერე კი მავთულის ფერის შეცვლაც, მაგალითად მწვანე ან წითელი ვარიანტის დამზადება


             ჩვენს პირობებში ამ იმიტაციამ ძალიან კარგად იმუშავა სეზონის მიწურულს ვიმბაზე და თეთრულაზე. მე 18 ან 20 ნომერ ნემსკავს ვიყენებ და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გისურვებთ წარმატებებს.

Friday, December 7, 2012

ზურგჩანთა


                 
              გასულმა სეზონმა ნათლად დამანახა, რომ ის ზურგჩანთა, რომლითაც დღემდე ვსარგებლობდი მოსახერხებელია მხოლოდ აღჭურვილობის ადგილამდე მისატანად, რადგან საკმაოდ მოუხერხებელი გახსნა - დახურვის სისტემა აქვს. გარდა ამისა, იგი საკმაოდ მძიმეა, მართალია მასზე ძალიან კომფორტულად ფიქსირდება კარავი, კარიმატი და საძილე ტომარა, მაგრამ ერთდღიან გასვლებში ამ სამი ელემენტიდან არცერთი არ მჭირდება, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ყურადღებით გავცნობოდი სპეციალურად Fly Fishing - ისათვის განკუთვნილ ზურგჩანთებს ე.წ. Day Pack - ებს, დასახელებიდანაც ჩანს, რომ ისინი განკუთვნილია ერთდღიანი გასვლისათვის საჭირო ეკიპირების ტრანსპორტირებისათვის. ამ ეკიპირებაში, ჩემს შემთხვევაში შედის: ფეხსაცმელი, საწვიმარი, ფოტოაპარატი, წყალი და საჭმელი, დანარჩენი აღჭურვილობა განთავსებული მაქვს Fishpond Waterdance Guide Pack - ში. შესაძლო მწარმოებელი ხარისხიდან გამომდინარე მხოლოდ ორი ვარიანტი განვიხილე Fishpond და Simms.
       არსებობს ორი ძირითადი ტიპი, ერთი, რომელიც ძირითადად ნავიდან თევზაობისას გამოიყენება და არის წყალგაუმტარი და  მეორე, ჩვეულებრივი, ფასი ერთნაირი აქვს ორივეს.
             პირველ შემთხვევაში არჩევანი შემდეგი იყო Fishpond Westwater Backpack ან  Simms Dry Creek Backpack
                     







                 თუმცა მართალი გითხრათ, მათი ფაქტურა არ მომეწონა, ამიტომ საბოლოო არჩევანი Simms Headwaters Daypack - ზე შევაჩერე, რომელმაც ყველა პარამეტრით დადებითი შეფასება დაიმსახურა, აქვს შიდა წყალგაუმტარი განყოფილებები, ასევე ვენტილირებადი საზურგე




                   
               იგი დამზადებულია იმავე მასალით, რითაც ავტომანქანის ეირბეგები მზადდება და, შესაბამისად, გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით.   

Friday, November 23, 2012

Neverland



                   წინა კვირას სოსო (Joseph) და მე ერთ - ერთ პატარა მდინარეს ვესტუმრეთ. გაჩანაგებული წყალსატევების ფონზე ულამაზესი ადგილები ვიხილეთ. სოსომ Fly Fishing - ში პირველი ნაბიჯები წარმატებულად გადადგა, საკმაოდ სწრაფად აითვისა შნურის სროლის ტექნიკის საფუძვლები და თეთრულაც დაიჭირა.




                  წარმატებით გამოვცადე ახალი ჩანთა Fishpond - სგან, რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ეტევა აბსოლუტურად ყველა საჭირო აქსესუარი და სატარებლად იდეალურად კომფორტულია


                    რაც შეეხება უშუალოდ თევზჭერას, მოდიოდა წვრილი თეთრულა, იმუშავა 18 ნომერ ნემსკავზე დამზადებულმა ნიმფამ Copper John. მოკლედ რომ ვთქვათ დღემ ძალზედ სასიამოვნოდ ჩაიარა.


Monday, November 5, 2012

არაგვი 04.11.12

          სეზონის მიწურულს გიგა (მებადური) და მე არაგვს ვესტუმრეთ. ამინდი მშვენიერი, წყლის დონე მშვენიერი, თევზის საკვები ბაზა გადასარევი, თევზი ნული, თუ არ ჩავთვლით გიგას მოპოვებულ თეთრულას, რომელიც, ბოდიშის მოხდით, საკუთარ სტიქიას დაუბრუნდა.



           ამ წარუმატებლობას მოყვა სავსებით პროგნოზირებადი შედეგი

    
         რა თქმა უნდა შეისვა ბატონი ხაჩიძის (რომელიც თავისი არსებობით ამჯერად ქუთაისის ჰაერს ბილწავს) დიადი მოღვაწეობის სადღეგრძელო, შემდეგ კი ხელი მივყავით ამ დიადი მოღვაწეობის შედეგების ლიკვიდაციას



Friday, November 2, 2012

The Brown Trout and the Mayfly

          ჩემი აზრით, ამ წარმოუდგენელ სილამაზეზე, ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.


Thursday, November 1, 2012

ექსპედიცია მდინარე ხრამზე

                  გასულ კვირას მოვაწყვეთ კვლევითი ექსპედიცია მდინარე ხრამზე, "ხრამ 2" და "ხრამ 1" - ს შორის მონაკვეთზე. მიუხედავად იმისა, რომ თევზის საკვები ბაზა საკმარისზე მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თვითონ თევზი მიზერული რაოდენობით არის დარჩენილი, ამის მიზეზი, აქტიური ბრაკონიერობის გარდა ასევე ისიც არის, რომ ჰესები არ ახდენენ საკმარისი წყლის გაშვებას, რათა თევზმა მოახერხოს გასამრავლებლად ამოსვლა. ესეც მცირე ვიდეორგოლი.


ეს კი "netgazeti.ge" -ს სტატია ამ გასვლასთან დაკავშირებით

Tuesday, October 23, 2012

უსათაურო


უკვე ღამის სამი საათი იყო, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ უკვე სამი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაძინებას, ასევე იმასაც, რომ გასვლამდე მხოლოდ ამდენივე რჩებოდა. ჩაძინების არცერთმა ხერხმა არ გაამართლა, არც წიგნმა და არც ცხვრების თვლამ. წიგნმა იმიტომ, რომ ეს წიგნი, ჰემინგუეის მოთხრობები იყო და ზეპირად იცოდა, კი არ კითხულობდა, უფრო თავისთვის, საზეპიროსავით იმეორებდა თვითოეულ წინადადებას, ცხვრების დათვლის მეთოდი კი დაჟინებით ითხოვდა იმას, რომ ეს ცხვრები წარმოსახვით ღობეზე გადამხტარიყვნენ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი დათვლა, იმ ღამით კი ეს ცხვრები უჩვეულოდ გაჯიუტდნენ.
 წამოდგა და დიდი ხნის წინ გამზადებული ეკიპირება კიდევ ერთხელ გულდასმით გადაამოწმა, მერე ისევ დაწვა და მთვარეს გახედა, მთვარესაც არ ეძინა და დიდი ინტერესით უყურებდა. წარმოიდგინა, რომ იმ წუთას მთვარე ზუსტად ასევე დაჰყურებდა იმ ადგილს, სადაც ხვალ აპირებდა გასვლას და ესიამოვნა ეს აზრი. ბოლოს მიხვდა, რომ დაძინების შანსი არ ქონდა, წამოდგა, ეკიპირება მოირგო და აივანზე გავიდა. ქალაქს ეძინა, მტკვარს ჩახედა და დაინახა, რომ მდინარეს არ ეძინა, მაგრამ, მისგან, ორფეხა არსებისგან განსხვავებით, სრულებით არ აწუხებდა ეს ფაქტი.  სამზარეულოში შევიდა და ყავა მოიდუღა, შემდეგ ისევ აივანზე დაბრუნდა. როდესაც ყავა დალია და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა, მიხვდა, რომ შაქრის ჩაყრა დაავიწყდა.
გათენებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ჟილეტის ჯიბიდან სატყუარების ძველი, უკვე გვარიანად გაცვეთილი ყუთი ამოიღო და გახსნა. ესიმოვნა იმიტაციების აკურატული რიგების დანახვა. საკმაოდ დიდხანს აკვირდებოდა ამ ყუთს, თითქოს მედიტირებდა, ბოლოს გონს მოეგო, ყუთი ჟილეტის ჯიბეში დააბრუნა, ზურგჩანთა მოიკიდა, კარი ფრთხილად მოიხურა და სახლიდან გავიდა.


იმ დილით პირველი, რაც არ ესიამოვნა მისნაირივე ორფეხა არსებების დანახვა იყო, აშკარად ხელს უშლიდნენ იმაზე ფიქრში, რისთვისაც უკვე ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა. სამარშრუტო ტაქსში ავიდა, ბოლო სკამზე, ფანჯარასთან დაჯდა და ზურგჩანთა ისე დაიდო გვერდით, თითქოს იქ მყოფი მგზავრებისგან დამცავი კედლის აგება უნდოდა. ადგილამდე გზა არ დაამახსოვრდა, იმიტომ, რომ ჩაეძინა, სიზმარში კი ბავშვობის მერე უნახავი ლობო ნახა. ლობო მგლების ხროვის ბელადი იყო, იმ ხროვისა, რომელიც ზოოპარკში ცხოვრობდა და ორფეხების სამეცნიერო ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას. ლობო სიზმარში ადგა და წავიდა, წავიდა იმიტომ, რომ მძღოლმა  გააღვიძა.
   იქვე, პატარა მაღაზიაში, ლუდი იყიდა და მთავარი გზიდან მიმავალ ბილიკს დაადგა. ცოტა ხანში იგრძნო, რომ რაღაც უშლიდა ხელს, მალევე მიხვდა რა იყო ეს "რაღაც", დაინახა რომ ზუსტად ისევე და იმავე ტემპით მიდიოდა, როგორც ქალაქში. გამოიცვალა, წლების წინ შეძენილი და უკვე გვარიანად გახუნებული ტანსაცმელი მოირგო და მდინარემდე დარჩენილ ბილიკს გახედა. იმ ადგილებში უკვე შვიდი წელი არ იყო ნამყოფი, თუმცა ზუსტად ახსოვდა თვითოეული მოსახვევი და ხე, იმიტომ რომ იქ ოდითგანვე თითო ოროლა ხე თუ იდგა. ჯერ მდინარეს ვერ ხედავდა, თუმცა უკვე სხეულის ყველა უჯრედით გრძნობდა მის სიახლოვეს და სუნს. ამ შვიდი წლის განმავლობაში მდინარეს სახეც და ხასიათიც ეცვალა, თითქოს დაღვინებულიყო. თუმცა ის ბოლო მოსახვევი, საიდანაც მდინარე ჩანდა ისევ იქ იყო. მდინარე რომ დაინახა, შეჩერდა, არა, თვითონ არ უნდოდა შეჩერება, უბრალოდ რაღაც მომენტში იქრძნო რომ აღარსად არ მიდიოდა, უბრალოდ იდგა და მდინარეს უყურებდა.
მერე ფრთხილად მივიდა ნაპირთან და წყალს მიესალმა. ზაფხულის მზის მიუხედავად წყალი უცნაურად ცივი იყო და თითქოს თვითონ მდინარესაც არ ესიამოვნა ორფეხას ასეთი თავხედობა. კიდევ უფრო გათამამდა, დაიხარა და რამდენიმე ყლუპი მოსვა, მეტის დალევაც უნდოდა, მაგრამ სიცივემ კბილები მოჭრა.  წელში გაიმართა და იგრძნო, რომ ღრმად და მშვიდად სუნთქავდა, იგრძნო ის, რისი შეგრძნებაც მიუღწეველ ოცნებად ჰქონდა წლების განმავლობაში. მიხვდა, რომ დაბრუნდა ბავშვობის მდინარეზე და ამ მდინარემ ისევ ისე მიიღო, როგორც წლების წინ, იმისდა მიუხედავად, რომ უბრალო ორფეხა იყო.


ანკესი ააწყო და წყალში შევიდა, სიმოვნებდა ფეხქვეშ თვითოეული კენჭის შეგრძნება. სიამოვნებდა ანკესის კორპის ტარიც, რომელიც თითქოს მისი ხელის გაგრძელებად იქცა. ცოტა ხანი შეყოვნდა, ცდილობდა გაეანალიზებინა რა კუთხით ჯობდა შნურის სროლა, უნდოდა, რომ პირველი სროლა იდეალურად ზუსტი და ლამაზი ყოფილიყო, ბოლოს შეარჩია პოზიცია და სატარებელზე იმიტაციის მორგება სცადა. ეს პროცესი ავტომატიზმამდე ჰქონდა დაყვანილი და ძალიან გაუკვირდა რომ სამი ცდიდან ვერცერთხელ ვერ მოახერხა ძუის ნემსკავის ყურში გაყრა, გაუკვირდა, მაგრამ მერე მიზეზსაც მიხვდა, დაინახა, რომ ხელები უკანკალებდა.
ნაპირზე გამოვიდა, ლოდზე ჩამოჯდა და იმ დღის პირველი ღერი სიგარეტი ამოიღო. ესიამოვნა ის სიმშვიდე, რომელიც პირველივე ნაფაზის შემდეგ იგრძნო. ცოტა ხანი ასე იჯდა და თვალებდახუჭული უბრალოდ მდინარეს უსმენდა, მერე ადგა, იმიტაცია სატარებელს სწრაფად მიაბა და შნური შერჩეული პულისკენ ტყორცნა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს შნური რამდენიმეთვიანი იძულებითი ძილის შემდეგ სახსრებში გაიხსნა, გაიმართა და გაიღვიძა. ლიდერი და სატარებელი იდეალურად გაიშალა, იმიტაცია შერჩეული წერტილის თავზე წამით შეყოვნდა და რბილად დაეშვა წყლის ზედაპირზე. რამდენიმე უშედეგო გატარების შემდეგ მან ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.
უკვე საღამოვდებოდა,  თითქმის შეეგუა დამარცხებას და ბანაკში დაბრუნება გადაწყვიტა. მექანიკურად ისროდა იმიტაციებს, მისი აზრით პერსპექტიულ წერტილებში, და შნურის სროლის ტექნიკის დახვეწაზე უფრო იყო გადართული, ვიდრე თევზაობაზე. ტკბებოდა იმიტაციის მოძრაობის ტრაექტორიის მზერით. სწორედ ერთერთი ასეთი გატარებისას  იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა, შემდეგ იგრძნო ის, რომ მისმა გულმა თითქმის შეწყვიტა ცემა და ამის შემდეგ, წამის მეათედში, მიხვდა ამის მიზეზს - იმიტაცია წყლის ზედაპირიდან გაქრა.


 ამოკვრა არ გაუკეთებია, ეს უფრო ხელის გაუაზრებელი, ავტომატური მოძრაობა იყო, შემდეგ კი ერთი გულისცემის ნაცვლად ერთდროულად ორი გულისცემა იქრძნო, ერთი თავისი, მეორე კი სატარებლის ბოლოს. თევზი დიდი არ იყო, ამ მდინარეს არასოდეს არ ყოლია დიდი თევზი, ამიტომ მალევე დანებდა.  ხელი დაისველა და ქაშაპი წყლიდან ამოიყვანა. ტკბებოდა მისი მარტივი სილამაზითა და ფორმებით. მერე შემთხვევით თვალებში ჩახედა თევზს და შეცბა. პირველად უყურებდა თევზს თვალებში და მათში ვერ ხედავდა ვერც შიშს, ვერც თხოვნას, ვერც იმედს, ხედავდა მხოლოდ სიცოცხლის ველურ და დაუოკებელ სურვილს.
ნემსკავი ფრთხილად მოაშორა და თევზი წყალში ჩაუშვა, ცოტა ხანს ასე ეჭირა დინების საწინააღმდეგო მიმართულებთ, შემდეგ ხელისგული გაშალა. ქაშაპი არ გაქცეულა, თითქოს იგრძნო რომ ამ ორფეხასგან საფრთხე არ ემუქრებოდა.  კიდევ ცოტა ხანი უყურა თევზს, შემდეგ ხელი ოდნავ შეახო, ქაშაპი გაქრა.
 წაიხემსა, ძალიან დაღლილი იყო, კოცონის დანთება ეზარებოდა, მაგრამ კარგად ახსოვდა, რომ კოცონი მისი გეგმის აუცილებელი ნაწილი იყო. შეშის მოგროვება საკმაოდ გაუჭირდა, ბოლოს პატარა კოცონი დაანთო და გვერდითვე მიუწვა. იწვა და გრძნობდა როგორ ერეოდა ძილი. ცოტა ხანში კარავში შევიდა, მოხერხებულად მოეწყო საძილე ტომარაში და მომენტალურად ჩაეძინა. ჩაეძინა იმიტომ რომ დაღლილი იყო და იმიტომაც, რომ ბავშვობაში მხოლოდ კეთილ ზღაპრებს უყვებოდნენ.


ღამით გაეღვიძა. ცოტა ხანს იწვა და ვერ ხვდებოდა რამ გააღვიძა, მერე უცბად გაახსენდა მიზეზი. მიზეზი კი ისევ ლობო იყო. სიზმარი იმდენად რეალური იყო, რომ  კარვიდან გასვლა გადაწყვიტა, დარწმუნებული იყო, რომ ლობო იქვე კოცონთან იწვებოდა, იმდენად დარწმუნებული, რომ როდესაც კარვიდან გასულმა ვერავინ ვერ დაინახა ეწყინა კიდეც. მერე მიხვდა რომ ლობო უკვე დიდი ხანია მარადიული ნადირობის ქვეყანაშია თავის ერთგულ ხროვასთან ერთად, იმ ქვეყანაში, სადაც გაცილებით ადვილია მოხვედრა ოთხფეხებისათვის ვიდრე მისთვის სამოთხეში, იმიტომ რომ ის ხომ უბრალოდ ორფეხა იყო და ხშირად ივიწყებდა იმ მარტივ წეშმარიტებებს რაც ულამაზეს გაღმა ნაპირზე გადასასვლელად იყო აუცილებელი.
მერე მდინარესთან მივიდა წყალი მოსვა და მიხვდა, რომ მდინარეს ეძინა. ცოტა ხანი გაჩერდა, უსმენდა ღამეულ ხმებს და ტკბებოდა იმით, რომ ეს ულამაზესი სამყარო მას ღებულობდა, როგორც თავისიანს, მიუხედავად იმისა, რომ ის უბრალო ორფეხა იყო.
 კარავში შებრუნდა და დაწვა, მალევე ჩაეძინა, ჩაეძინა ისევე, როგორც შორეულ ბავშვობაში.  იცოდა რომ სიამოვნების კიდევ რამდენიმე დღე ელოდა წინ.


Thursday, October 18, 2012

უნდა იყოს თუ არა ნებადართული მდინარისა და ტბის კალმახზე თევზაობა



               Fly Fishing - ი პირველ რიგში ორაგულისებრთა ჭერას უკავშირდება, რამდენადაც ლამაზია ჭერის ეს ობიექტი, იმდენად ლამაზი და დახვეწილია მეთოდიც. ბუნების ამ ულამაზეს შვილთან საუკუნეების განმავლობაში დახვეწილი სატყუარებითა თუ აღჭურვილობით ურთიერთობისაგან მიღებული უდიდესი სიამოვნება არის ის უმთავრესი გარემოება, რაც თევზჭერის ამ მეთოდს სულ უფრო პოპულარულს ხდის.                    

                     ასეთი შესავალი ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა რომელიმე დასავლური ჟურნალისათვის, მაგრამ არა ჩვენთან. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მდინარისა და ტბის კალმახის ჭერა აკრძალულია. სწორედ ამ პრობლემაზე მინდა მოგახსენოთ, ასევე შემოგთავაზოთ მისი გადაწყვეტის ისეთი გზა, რომელიც, ჩემი აზრით შეესაბამება როგორც კანონმდებლობის, ასევე ცივილიზებული საზოგადოების მოთხოვნებს. არსებობს ორი მიდგომა: არაფორმალური და კანონისმიერი.
                 პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტოტალურ უკონტროლობასთან, არ არსებობს ამ ამკრძალავი კანონის ცხოვრებაში გატარების არანაირი ქმედითი მექანიზმი, შესაბამისად არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, თუკი ვერ/არ ისჯება ბრაკონიერი, რომელიც კალმახს სისტემატურად ანადგურებს დენის აპარატით, შესაბამისად ვერ/არ დაისჯება ვერც ის, ვინც თევზაობს ანკესით. ამიტომ დღეს კალმახზე თევზაობენ, როგორც დენით, ასევე ანკესით. ეს არის ფაქტი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია. არაფორმალური მიდგომა პირადად ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც კალმახზე არ მითევზავია და არც ვითევზავებ, სანამ კანონი ამის ნებას არ მომცემს.
                       რაც შეეხება კანონისმერ მიდგომას - აი აქ გაცილებით საინტერესოდ არის საქმე. დავიწყოთ იქიდან უნდა იყოს თუ არა ეს სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაში. იმ პერიოდისათვის, როდესაც კალმახი შეიტანეს ამ ნუსხაში, არსებობდა მთელი რიგი მოთხოვნები. აღსანიშნავია რომ მდინარის კალმახი შეტანილია როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის წითელ წიგნებში და მინიჭებული აქვს კატეგორია LC (least concern) რაც ნიშნავს რომ მას შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრება და მასზე სპორტული თევზაობა თითქმის ყველგან ნებადართულია. მაშინ მოქმედი კანონმდებლობით იგივე კატეგორიის მინიჭების უფლება ჩვენს კანონმდებელსაც ჰქონდა. თუმცა მოხდა უფრო მძიმე კატეგორიის VU (vulnerable) მინიჭება, რაც ნიშნავს მოწყვლადს. კანონმდებლობით კი უფრო მძიმე კატეგორიის მისანიჭებლად სავალდებულო იყო უახლესი კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიის დასკვნა. ასეთი დასკვნა კი ბუნებაში არ არსებობს ან თუ არსებობს, არის აბსოლუტური ბლეფი, რადგან ბოლო კვლევები ამ დარგში ათწლეულების წინ ჩატარდა. შესაბამისად არ არსებობდა არანაირი კანონისმიერი საფუძველი იმისა, რომ კალმახი მოხვედრილიყო წითელ ნუსხაში. ვითარებას კიდევ ართულებს ის, რომ დღესდღეისობით  აკადემიაში ზემოაღნიშნული კომისია აღარ არსებობს, ანუ აღარ არსებობს ორგანო, რომელიც იმსჯელებს ამ საკითხზე. 
                 პირადად მე გამოსავალს ვხედავ შემდეგში, უნდა მოხდეს პარლამენტისადმი საინიციატივო ჯგუფის მიერ მიმართვა, რის საფუძველზეც მოხდება კანონის მოქმედების შეჩერება, რისი აბსოლუტური საფუძველი სახეზეა, ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ტერმინ ”ჭერის” განმარტება,  მაგალითად ასე - თევჭერა - თევზის ამოღება ბუნებრივი გარემოდან მისი უკან დაბრუნების ვალდებულების გარეშე, თუკი ასეთი განმარტება იარსებებს, მაშინ კანონის მუხლი, რომელიც გვიკრძალავს კალმახის ჭერას, იგულისხმებს იმას, რომ აკრძალულია კალმახის სახლში წამოღება, ხოლო დაიჭირე - გაუშვი პრინციპით თევზაობა კი ავტომატურად ნებადართული ხდება.


                 არსებული აკრძალვით, გარდა იმისა, რომ პირდაპირ იკრძალება მთის მდინარეებზე ნებისმიერი სახის თევზაობა, რაც აბსურდია და ჩანასახშივე სიცოცხლისუუნაროა, ანუ შეუძლებელია ამ აკრძალვის ცხოვრებაში გატარება, უკანონოდ ილახება ასევე თვითოეული ჩვენთაგანის უფლება ვისარგებლოდ ბუნებრივი რესურსებით. ერთადერთ გამოსავლად მესახება დაინტერესებულ პირთა გაერთიანება და ამ საკითხისადმი ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, რადგან თუ არ არსებობს საზოგადოებრივი მოთხოვნა, არ არსებობს არც ხელისუფლის პოლიტიკური ნება.

Sunday, October 7, 2012

Strike Indicators


                  ვაგრძელებთ საუბარს ნიმფაზე ამერიკული სტილით თევზაობის შესახებ. წინა სტატიაში უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ სტილის ერთ - ერთი განმასხვავებელი ელემენტი არის ჩაკვრის ინდიკატორი - Strike Indicator. დავა იმის შესახებ დასაშვებია თუ არა აღჭურვილობის ამ ელემენტის გამოყენება კლასიკურ სტილში დღემდე არ ცხრება. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ინდიკატორები Fly Fishing - ს უბრალოდ ტივტივაზე გატარებით თევზაობას ამსგავსებენ, მომხრეები კი აპელირებას საკმაოდ წარმატებულ პრაქტიკაზე აკეთებენ. ასეა თუ ისე ამ ტექნიკამ უკვე დიდი ხანია მყარად მოიკიდა ფეხი.
                 კონსტრუქციული სხვაობის მიუხედავად მათი დანიშნულება ერთია, ისეთ რთულ პირობებში, როგორიცაა წყლის არათანაბარი ნაკადი, დიდი სიღრმე და სწრაფი დინება მაქსიმალურად დაეხმარონ მეთევზეს ჩაკვრის დროულ იდენტიფიკაციაში. რაც უფრო რთულია წყალსატევის კონკრეტული მონაკვეთი მით უფრო დიდი ინდიკატორის გამოყენება ხდება აუცილებელი, თუ შედარებით მარტივ პირობებში საკმარისია პოლიპროპილენის ბოჭკოსაგან დამზადებული პატარა ზომის ინდიკატორი, ჭერის პირობების გართულებასთან ერთად უკვე საჭირო ხდება პენოპლასტის გამოყენება.
                    გთავაზობთ ინდიკატორის დამზადების ერთ - ერთ ვარიანტს

  

        ზოგადი წესის თანახმად ლიდერზე მისი განთავსება წყალსატევის კონკრეტული მონაკვეთის სიღრმეზე ერთნახევარჯერ, ორჯერ მაღლა ხდება, ანუ თუ წყლის სიღრმე 1 მეტრია, მაშინ იმიტაციიდან ინდიკატორამდე მანძილი 1,5 - 2 მეტრს შეადგენს. რაც უფრო სწრაფია დინება მით უფრო დიდია ეს მანძილი აღნიშნულ ფარგლებში. ესეც მონტაჟის ერთ - ერთი ფორმა.

            

             სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ინდიკატორის მეშვეობით თევზჭერის საილუსტრაციო ვიდეომასალა რომელშიც კალმახი არ იქნებოდა მთავარი გმირი, ამიტომ შემდეგი ვიდეორგოლები მხოლოდ და მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებს ემსახურება, გახსოვდეთ, რომ მდინარის და ტბის კალმახის ჭერა დღევანდელი არასრულყოფილი კანონმდებლობით არის ბრაკონიერობა.


 

Saturday, September 29, 2012

ნიმფაზე თევზაობის ამერიკული სტილი

            
           მართალია Fly Fishing - ი, როგორც სტილი ჩამოყალიბდა ბრიტანული კულტურის გავლენით, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკაში მოხვედრის შემდეგ საკმაო ცვლილებები განიცადა, თუკი ინგლისურ სტილში წინა პლანზე წამოწეულია ესთეტიკური მხარე, ამერიკელები პირველ რიგში ეფექტურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამისათვის, ნაციონალურ მენტალიტეტებს შორის სხვაობის გარდა, არსებობს აბსოლუტურად ობიექტური მიზეზები. თუკი შევადარებთ ამ ორი ქვეყნის მდინარეებს დავინახავთ, რომ სხვაობა საკმაოდ დიდია, ინგლისში კლასიკური Fly Fishing - ისათვის "განკუთვნილი" მდინარეების უმეტესობა, მაგალითად მდინარე ეივონი (Avon)  ხასიათდება საკმაოდ ნელი და თანაბარი დინებით, წყლის ზედაპირი სარკისმაგვარია, გამჭვირვალობა კი იდეალური, საქმე გვაქვს ე.წ. Spring Creek - ის ტიპის, ანუ მიწისქვეშა წყლებით მომარაგებად მდინარესთან. ასეთი პირობები საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კლასიკური იმიტაციები და ტექნიკა, ძალიან იშვიათად თუ ხდება საჭირო სატყუარის დამძიმება, რადგან მხოლოდ ფლუოროკარბონის ლიდერი და სადავე საკმარისია იმისათვის რომ გატარება მოხდეს სასურველ ჰორიზონტში.  რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებს, აქ ძირითადად სახეზე გვაქვს საკმაო სიღრმე და ძლიერი დინება, რა თქმა უნდა ასეთი მდინარეები არის დიდ ბრიტანეთშიც და Spring Creek - ები გვხვდება აშშ - შიაც, მაგრამ საუბარია აუცილებლობით გამოწვეულ, შედარებით ახალი, არაკლასიკური სტილის ჩამოყალიბებაზე, რაც მოხდა ამერიკაში და არა ინგლისში.
               სწორედ ამ აუცილებლობამ გამოიწვია ის, რომ თანამედროვე მწარმოებლები სპეციფიკური აღჭურვილობის დამზადებას საკმაოდ დიდ ყურადრებას აქცევენ. პოპულარულია საკმაოდ სწრაფი წყობის ანკესები, რომლებითაც იმიტაციის მიწოდება და გატარება უფრო ადვილია, შექმნილია სპეციალური შნურები, რომლებსაც მოკლე და სტანდარტულზე მძიმე თავები აქვთ, რაც მოკლე შნურით მუშაობას აადვილებს, მაგალითისათვის გამოდგება Scientific Anglers Mastery Textured Series Nymph/Indicator Line ჩაკვრის უკეთ იდენტიფიცირებისათვის ამ შნურის წინა კონუსი წითელი ფერისაა.

  

      იმისათვის რომ წყლის არათანაბარმა დინებამ გატარებაზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ხდება ანკესის მაქსიმალურად მაღლა აწევა, რათა შნურის მაქსიმალური რაოდენობა მოვაცილოთ ზედაპირს. ამ ტექნიკას High Stick Nymphing- ი ეწოდება.

  

     ამერიკული სტილის ერთ - ერთი ყველაზე თვალშისაცემი თავისებურება არის ინდიკატორების (Strike Indicator) გამოყენება, რაზედაც ბლოგის ფურცლებზე უახლოეს მომავალში დეტალურად ვისაუბრებთ.

Saturday, September 22, 2012

Hip/Chest/Waist Packs ჟილეტის ალტერნატივა



               საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ბოლო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მართალი გითხრათ უკვე ძალიან მომბეზრდა ვინმესთვის რამის მტკიცება, მოწოდება ან მოთხოვნა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს თავთავიანთი სიმართლით, მათ შორის ბრაკებსაც.
                 ახლა კი საკმაოდ საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ. 2012 წლის სეზონმა (თუ ამას სეზონი შეიძლება დავარქვა, რადგან სულ სამჯერ მოვახრხე გასვლა ისიც ყოველგვარი წარმატების გარეშე და არა იმ ადგილებში სადაც მთელ წელი ვგეგმავდი) აშკარად დამანახა, რომ სტანდარტული ჟილეტი საკმაოდ მოუხერხებელია. მართალია თითქმის ოთხი წელია უკვე ვსარგებლობ და ეკიპირებაც მაქსიმალურად კომფორტულად მაქვს გადანაწილებული, მაგრამ ზაფხულის პაპანაქებაში ძალიან გამაწვალა. ადრე რამდენჯერმე მივაქციე ყურადღება სხვადასხვა ტიპის სამკერდე თუ საქამრე ჩანთებს, მაგრამ დეტალურად არ დავინტერესებულვარ. ახლა ვფიქრობ, რომ მგონი საკმაოდ მისაღები ვარიანტია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჟილეტისგან განსხვავებით არ არის ტანსაცმლის დამატებითი ფენა და სიცხეში დისკომფორტს არ ქმნის, აღჭურვილობის განთავსებაც თავისუფლად შეიძლება, ამ მხრივ ჟილეტს არანაირი უპირატესობა არ აქვს, სავარაუდო უარყოფითი მხარები კი ალბათ ის აქვს, რომ მთელი წონა ერთ ადგილას არის კონცენტრირებული, თუმცა განა რა განსაკუთრებულ წონაზეა საუბარი და მეორე, მართლაც მნიშვნელოვანი მინუსი ისაა, რომ არ აქვს გათვალისწინებული ანკესის სამაგრი სისტემა, რომელიც ძალიან მოსახერებელია წყალში დგომისას იმიტაციის ან ლიდერის გამოცვლის დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოსავლის პოვნა აქაც შესაძლებელია.
               რაც შეეხება არჩევანს,  განვხილავ ორ კომპანიას Fishpond და Simms, რადგან მათ ნაწარმში ხარისხი და ერგონომიკა ტრადიციულად მაქსიმალურ სიმაღლეზეა.



Sunday, August 12, 2012

ზრდასრული რუისელი და მისი იმიტაციები

            
            ემერჯენციის დასრულების შემდგომ, სახეზე გვაქვს ზრდასრული, ფრთიანი რუისელი, რომელიც თევზისთვის ძალიან მიმზიდველია, არის პერიოდები, როდესაც ჩვენი ჭერის ობიექტი სწორედ ამ მწერით იკვებება შერჩევითად და ნებისმიერ სხვა სატყუარაზე უარს ამბობს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ დღესდრეისობით არსებობს ამ სტადიის ამსახველი მრავალი იმიტაცია.
                 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მონტანელი ალ ტროტის მიერ შექმნილი Elk Hair Caddis, რომელზედაც დეტალურად უკვე ვისაუბრეთ.
                 საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგლისელი ჯონ გოდარდის (John Goddard) მიერ შექმნილი Goddard Caddis - ის სახელით ცნობილი იმიტაცია, ზოგი მკვლევარი ამ სატყუარის თანაავტორად ჯონ კლარკს მიიჩნევს  (John Clarke). 


მისი დამზადებისათვის გამოიყენება ირმის ბეწვი, სინთეთიკური დაბინგი და მამლის ბუმბული, გთავაზობთ ერთ - ერთ ვარიანტს

  

        მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი სატყუარები ბრწყინვალედ მუშაობენ, არ ჩერდება ახალი ვარიანტების შექმნის პროცესი, რის საილუსტრაციოდაც კარგად გამოდგება დეივი მაკფეილის მიერ შექმნილი Brown Caddis.

Sunday, July 22, 2012

რუისელის ემერჯერი (პუპა) და მისი იმიტაციები



        ლარვის სტადიის დასრულების შემდეგ იწყება ემერჯენცია, რა დროსაც მწერი მიისწრაფვის ზედაპირისკენ, რათა გადაიქცეს ზრდასრულ, ფრთიან რუისელად. საყურადღებოა, რომ იმიტაციები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ ის სატყუარები, რომლებიც ასახავენ ფსკერის ზედაპირიდან დაძრულ მწერს, შესაბამისად, მათი დამზადებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დამამძიმებელი მასალები, რათა გატარება მოხდეს ფსკერთან ახლოს, ზედაპირზე ამოსვლის იმიტაცია კი ხდება გატარების ბოლოს, როდესაც შნური იჭიმება და იმიტაციაც, რეალური მწერის მსგავსად, მაღლა ამოდის. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ვარიანტს დეივი მაკფეილის შესრულებით

  

      მეორე ტიპის იმიტაციები კი ასახავენ წყალსატევის ზედაპირის ქვედა მხარეზე მოთავსებულ მწერს, რომელიც უკვე იწყებს ზრდასრულ სტადიაზე გადასვლას. ამ კატეგორიის სატყუარებს შორის ყველაზე მეტად ცნობილია კლინკჰამერი, რომელზედაც უკვე გვქონდა საუბარი ბლოგის ფურცლებზე

 

        მცირე ზომის რუისელის ემერჯენციის იმიტირებისათვის კი გამოიყენება კლასიკური ე.წ. North Country Spider-ის ტიპის სველი იმიტაცია, მაგალითად Partridge and Green, ამ ტიპის სატყუარებზე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ცალკე სტატიას


Sunday, July 15, 2012

რუისელის ნიმფა (ლარვა) და მისი იმიტაციები

  
       როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუისელი ცხოვრების უმეტეს ნაწილს წყალსატევის ფსკერზე ატარებს, ამ სტადიას ლარვის სტადია (larva) ეწოდება. სახეობიდან გამომდინარე მათი იმიტირებისათვის სხვადასხვა მასალები და ტექნიკები გამოიყენება.
            უპირველეს ყოვლისა განხვიხილოთ რუისელი, რომელიც სხვადასხვა მასალისაგან იშენებს "სახლს"  და ცნობილია, როგორც  cased caddis. იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ჩვენს წყალსატევებში ამიტომ უპრიანია, თუკი მისი დამზადების თავისებურებებს უფრო დეტალურად დავაკვირდებით.
            ტრიგერულ ელემენტს წარმოადგენს "სახლი", რომელიც კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს, მისი დამზადებისთვის გამოიყენება დაბინგი, ყულფშიმოთავსებული ირმის, ცხენირმის ბეწვი და სხვა მასალები, საბოლოო ფორმას კი მაკრატლით ან სამართებლით ვანიჭებთ, რაც შეეხება უშუალოდ მწერს, მისი აბდომენისათვის ვიყენებთ დაბინგს, სხვადასხვა ტიპის დაწნულ ძაფს, ხოლო ფეხებისთვის კი ხოხბის ან კაკბის ბუმბულს. ტექნიკის მხრივ ამ ტიპის იმიტაციები საკმაოდ ადვილი დასამზადებელია, გთავაზობთ ერთ - ერთ ვარიანტს

  

                რაც შეეხება რუისელებს, რომლებიც "სახლებს" არ იშენებენ (free living caddis), მათი იმიტირებისათვის სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. "ჩეხური" სტილის ნიმფები, რომლებიც სილუეტურ იმიტაციებს განეკუთვნებიან და უკვე არაერთხელ დაამტკიცეს საკმაო ეფექტურობა, განსაკუთრებით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატების განმავლობაში. ამ ტიპის პირველი ნიმფები პოლონელებმა დაამზადეს, თუმცა მეთოდის სრულყოფაში განსაკუთრებული როლი ჩეხებმა შეიტანეს. მათი დამახასიათებელი ნიშნებია საკმაოდ წვრილი სილუეტი და დიდი მასა, რაც იმიტაციის ფსკერთან ახლოს გატარებას აადვილებს. დამზადებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფერის დაბინგები, ლატექსი, წვრილი მავთული და ძუა სეგმენტაციის ხაზგასასმელად. გთავზაობთ ამ სატყუარის  დეივი მაკფეილისეულ ვარიანტს

  

         როგორც ვხედავთ, იმიტაციათა უმრავლესობა საკმაოდ ადვილი დასამზადებელია, თუმცა რეალისტიკების მოყვარულები აქაც საკმაო აქტიურობით გამოირჩევიან


Saturday, June 30, 2012

ბრაკები მტკვარზე

                 
                დღეს დილით "მშვენიერი" სანახაობა გადაიშალა ჩემი აივნის წინ. რა თქმა უნდა სასწრაფოდ გადავრეკე პატრულში და ეკიპაჟიც ნახავარსაათიანი დაგვიანებით ადგილზე გამოცხადდა. ამავდროულად მე ფეხით მივუყვებოდი სანაპიროს და ვცდილობდი ფოტოზე ასახული ამ ორი ელექტრიკოსი "ვაჟკაცისათვის" მეკითხა მათი დედების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა საკმაო მანძილი ამის საშუალებას არ მაძლევდა

 
             მეტიც ორთაჭალის პურის ქარხნის ტერიტორიასთან უკვე მხედველობის არედანაც დავკარგე. პატრულთან ერთად ჩავიარეთ ფონიჭალის ხიდამდე, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახეთ. ამის შემდეგ ადგილზე გამოძახებულ იქნა ისანი სამგორის რაიონის გამომძიებელი ბატონი ზაზა ძებისაშვილი, რომელსაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან განყოფილებაში მისვლის შემდეგ დეტალურად შედგა როგორც შემთხვევის ამსახველი, ასევე ჩემი ფოტოაპარატის დათვალიერების ოქმები და საქმე გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში.
                       ახლა კი ყველაზე საინტერესო - ეს ფაქტი მოხდა დღის პირველ საათზე, დაახლოებით 6 საათამდე ვიყავი განყოფილებაში და იქიდან წამოსულმა, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ხიდზე გადმოსვლისას ზუსტად იგივე ადგილას ისევ ეს ნაბიჭვრები ვნახე, სამწუხაროდ აპარატში ელემენტი დაჯდა და დამატებითი სურათები ვერ გადავიღე, მეტიც, არ მქონდა მობილური რომ დამერეკა პატრულში და ზარის გაშვება ვთხოვე ერთ - ერთ მეთევზეს, რაზედაც მივიღე პასუხი "ჩემი მობილურიდან რა პონტში უნდა გაგაშვებინო პატრულში ზარიო" იძულებული გავხდი შუა ტრასაზე დავმდგარიყავი და ისე გამეჩერებინა პატრულის მანქანა. ამასობაში ბრაკები უკვე კარგა შორს იყვნენ. გამოიძახეს მეორე ეკიპაჟი, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ფონიჭალის ტერიტორიაზე, ნუკრი გოგინავასა და ზურაბ კვარცხავას შემადგენლობით, რომლებმაც დაინახეს ბრაკები, მოუწოდეს წყლიდან გამოსვლისაკენ, მაგრამ მათი სიტყვებით ბრაკები არ დაემორჩილნენ და მათ დევნა შეწყვიტეს, თუმცა მაინც მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან შედგა კიდევ ერთი ოქმი და დაერთო უკვე არსებულ საქმეს. სიმართლე ითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ჩასვლა ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა სადღაც ხომ ამოვიდოდნენ?
                       ერთი კარგი ამბავიც გავიგე, 4 წლის წინაც იყო მსგავსი ფაქტი და ჩემი ზარის შემდეგ ის ბრაკები დაუჭერიათ, აღმოჩნდნენ ვინმე ისნელი არაკაცი ზედმეტსახელად "მაიმუნა" და მისი "სასტავი", თურმე ცნობილი ბრაკები ყოფილან, მე არ ვიცოდი.ეს ინფორმაცია ერთმა იქვე მდგარმა ისნელმა მოხუცმა მეთევზემ შემატყობინა.
                    ესეც ქართული იქტიოფაუნის მტერი ნომერი 1
                                             
                  სხვათაშორის ორივე შემთხვევაში საპატრულო ეკიპაჟს საკმაო დრო დასჭირდა იმის გასარკვევად ბრაკებთან ბრძოლა მათ კომპეტენციაში შედის თუ არა.

Saturday, June 23, 2012

აკრძალული ხილი

                  სიამოვნება, რომელსაც, ჩვენ, ნამდილად კანონმორჩილი მეთევზეები, და არა ზოგიერთი, ამ ტიტულს ამოფარებული, რბილად რომ ვთქვათ, ლაწირაკი ბრაკი, მოკლებულნი ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ხაჩიძის მაგვარი არსებები კურირებენ გარემოს დაცვით საკითხებს


Sunday, June 17, 2012

ცისარტყელა კალმახი თბილისის ზღვაში

                  
              ძალიან სასიხარულო ფაქტის შესახებ მინდა ორიოდ სიტყვით მოგახსენოთ. დღეს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ”მონადირე” -ს ინიციატივითა და სახსრებით, მოხდა ცისარტყელა კალმახის 6000 - ზე მეტი დაახლოებით 10 გრამიანი ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაში, მეც მერგო პატივი ამ  ღონისძიებაში მცირედი წვლილი შემეტანა. სამწუხაროა, რომ სხვა გაერთიანებებისა თუ ფორუმების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებასთან დაკავშირებით აქტიურობა იყო ნულის ტოლი, არა მხოლოდ მატერიალური დახმარების, არამედ უბრალოდ სიტყვიერად გვერდში დადგომის მხრივაც კი. დარწმუნებული ვარ რომ ეს ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია, ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ზემოაღნიშნული გაერთიანებები და ფორუმები ახლო მომავალში ანკესის სიგრძის დატოლების გარდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, საკითხებითაც დაინტერესდებიან. ჩემის მხრივ მზად ვარ გვერდში დავუდგე ნებისმიერ პიროვნებასა თუ კლუბს, რომლისთვისაც თევზი არა მხოლოდ გემრიელი კერძი ან ფორუმზე დადებული სურათია.
                     ეს კი მცირე ფოტოკოლაჟი:

          დავით მორალიშვილი, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი

       
             ეს კი ბედნიერი მეთევზეები


                ესეც უშუალოდ პროცესი




         

Sunday, June 10, 2012

Hare's Ear Nymph

                 
               ამ ნიმფის წარმოშობაზე ინფორმაციის მოძიებისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იგი ყოველთვის არსებობდა. დღესდღეისობით შეუძლებელია მისი კონკრეტული ავტორის დასახელება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ იმიტაციას ჯერ კიდევ ვოქტორიანული ეპოქის ცნობილი Fly Fisher - ი ჯეიმს ოგდენი (James Ogden) იყენებდა. საინტერესო ფაქტია, რომ XIX საუკუნის მიწურულს ამ იმიტაციის პოპულარიზაციას  ასევე ახდენდა  ფრედერიკ ჰარლფორდი (Frederick Harlford), ოღონდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგი მას იყენებდა ზედაპირული თევზაობისათვის. ეს უცნაური ფაქტი დამაჯერებლად მეტყველებს ამ ნიმფის უნივერსალურობაზე, იგი არ ასახავს რომელიმე კონკრეტულ მწერს, ან განვითარების რომელიმე კონკრეტულ სტადიას, შეიძლება ითქვას, რომ იგი უნივერსალურ "საძიებო" იმიტაციას წარმოადგენს. ამას მისი ერთგვარად "ბუნდოვანი" სილუეტი განაპირობებს.
              კლასიკური Hare's Ear Nymph - ის დამზადებისათვის გამოიყენება კურდღლის ბეწვი, კონკრეტულად კი: კუდისათვის კურდღლის შუბლის მიდამოებიდან აღებული ბეწვი, რომელიც საკმაო სიგრძითა და სიხისტით გამოირჩევა, აბდომენისათვის ისევ კურღლის ბეწვი, ოღონდ აღებული ყურის ზედა მხრიდან, ხოლო ტორაქსისათვის კი ამ ორი მასალის ნარევი (blend), თანამედროვე წარმოება ასევე გვთავაზობს დაბინგის უკვე გამზადებულ ვარიანტებს ბოლო ორი ელემენტისათვის. სეგმენტაციისათვის ოპტიმალურია ოქროსფერი მავთულის ან tinsel -ის  (მეტალიზებული, ბრტყელი ან ოვალური კვეთის მქონე მასალა) გამოყენება. ფრთების ჩანასახების იმიტირებისათვის იდეალურია ინდაურის ან ხოხბის ბუმბული. ასეთ ვარიანტში მართლაც შესაძლებელია ამ ნიმფით წყლის ზედაპირზე, ან ზედაპირულ შრეში თევზაობა და ემერჯენციის სტადიის წარმატებით იმიტირება. ფსკერზე თევზაობისათვის შესაძლებელია როგორც სატარებელზე ტყვიის რამდენიმე წვრილი ბურთულის დაფიქსირება, ასევე უშუალოდ იმიტაციის დამძიმებაც ტყვიის მავთულით, ან მეტალის თავით, რითაც მივიღებთ Gold Head Hare's Ear Nymph - ს



                   ესეც ამ იმიტაციის დამზადების ერთ - ერთი ვარიანტი
             

Friday, June 1, 2012

Spinner&Spent ზრდასრული მედღეურა და მისი იმიტაციები

                             
                ემერჯენციის შედეგად, ზრდასრული მედღეურას სახით, სამყაროს მოევლინება ულამაზესი არსება. როგორც უკვე ვიცით, იგი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ნიმფის სტადიაში ატარებს, ფრთიანი მწერი კი სულ რამდენიმე დღე ცოცხლობს და სწორედ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში თევზის რაციონის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.           
       ჩვენს მეთოდში ამ სტადიას უწოდებენ spinner ან dun, აღსანიშნავია, რომ რეალისტური იმიტაციების მოყვარულნი გამოყოფენ კიდევ ერთ სტადიას ემერჯენციასა და ზრდასრულ მწერს შორის, რომელსაც უწოდებენ subspinner ან subdun, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ემერჯენციის შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც ნიმფა ტოვებს ძველ, ქიტინისებურ საფარს, მისი ფრთები ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალე, რაც ზოგის აზრით, იმის ბრალია, რომ ისინი ჯერ კიდევ სველია, ზოგი მოსაზრების თანახმად კი იმის, რომ ფრთის სტრუქტურაში არსებული "ძარღვები" ჯერ კიდევ არ არის ორგანული სითხით სავსე.



        თუმცა თევზისთვის, რომელიც ჩვენს მიერ მიწოდებულ იმიტაციას ქვემოდან უყურებს ფრთის ფერის ტონალობის უმნიშვნელო ცვლას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ჭერის ობიექტი ამ სკურპულოზურ დაყოფას ყურადრებას არ აქცევს.
             ისევე, როგორც ემერჯერების შემთხვევაში, ზრდასრული მედღეურას იმიტაციები ერთმანეთისაგან უმეტესწილად მხოლოდ ზომითა ან ფერით განსხვავდებიან და სწორედ ამ მწერის ზედაპირული იმიტაციები წარმოადგენენ Fly Fishing-ის სიმბოლოს.
         ამ მწერის სპინერის კლასიკურ იმიტაციად შეიძლება ჩავთვალოთ Adams, ამ სატყუარის ზომის, ტანისა და ფრთის ფერის ცვლით ადვილად მივიღებთ ნებისმიერი სახის მედღეურას აბსოლუტურად მუშა იმიტაციას, რაც მსოფლიო პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურებულა.


               თანამედროვე პრაქტიკაში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს ე.წ. "პარაშუტის" ტექნოლოგიით დამზადებული იმიტაციები, რომლებშიც მამლის ბუმბულის დახვევა ხდება არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად


                  ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მამლის ბუმბულის ზომა ნაკლებად კრიტიკულად ავარჩიოთ, რადგან კლასიკურ იმიტაციებში მისი სიგრძე ნემსკავის სიგანეზე (gape) ზუსტად 1,5 ჯერ მეტი უნდა იყოს იმისატვის, რომ სატყუარამ წყლის ზედაპირზე სწორე მდგომარეობა მიიღოს.
                        გამრავლების შემდგომ მედეურა მალევე იღუპება, ამ "სტადიას" ეწოდება spent და სპინერისაგან მისი ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მისი ფრთები წყლის ზედაპირზეა განლაგებული, შესაბამისად იმიტაციის დამზადებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს